Thumbnail

ელექტრო თვითმფრინავების ავიაციაში დანერგვა შორეული პერსპექტივაა

  • ელექტრო თვითმფრინავების დახვეწაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს
  • მთავარი დაბრკოლება არაეფექტური ელემენტებია
  • ჰიბრიდული ტექნოლოგიების დანერგვა უფრო რეალურია

ელექტრო ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავების შექმნის და დახვეწის იდეა რამდენიმე ათწლეულია აქტუალურია, თუმცა, ბოლო დროს ამ მიმართულებით მუშაობა განსაკუთრებით გააქტიურდა. არაერთი  კომპანია თუ სტარტაპი ცდილობს ელექტრო და ჰიბრიდული საჰაერო სისტემების პროტოტიპების შექმნას. 

კონცეფციები, რომელზეც დღეს მუშაობენ განსხვავდება იმ რეტრო-ფუტურისტული მოდელებისგან, რომლებსაც Popular Science-ის ძველ ნომრებში ვხვდებოდით და არც გრავიტაციის წინააღმდეგ მოძრავ მანქანებს წააგავს ფილმებიდან Blade Runner და Back to the Future. ეს არის დახვეწილი დიზაინის, ნახშირბადის ბოჭკოსგან შექმნილი თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჰიბრიდი. თუმცა თვითმფრინავის შექმნა, მისი უსაფრთხოდ ოპერირება და კომერციალიზაცია, სრულად არის დამოკიდებული ელემენტების ტექნიკურ დახვეწაზე.

Popular Science, ელექტრო მანქანის პროტოტიპი მე-19 საუკუნეში

დღესდღეობით, სულ მცირე 20 კომპანია მუშაობს საჰაერო ტაქსების განვითარების გეგმაზე, მათ შორის თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი გამოცდილი კომპანიები, როგორიცაა Boing და Airbus და ტაქსის გამოძახების სერვისის გიგანტი - უბერი. თითქმის ყველა გვპირდება ისეთი თვითმფრინავის შექმნას, რომელიც იმუშავებს ელემენტებზე და შეამცირებს ფრენით გამოწვეულ ხმაურსა და გამონაბოლქვს, თუმცა ფრენას ძალიან დიდი რაოდენობით ენერგია სჭირდება და დღევანდელი მდგომარეობით ელემენტები ზედმეტად მძიმე წონისაა იმისთვის, რომ აფრენა მოხერხდეს. 

ელემენტების და ელექტრო ძრავების განვითარების დღევანდელი ტემპის გათვალისწინებით, სავარაუდოდ 2030 წლამდე ვერ მოხერხდება თუნდაც ჰიბრიდული ელექტრო ტექნოლოგიების კომერციულ ავიაციაში დანერგვა.

 

“ჰიბრიდული ტექნოლოგიების დახვეწა ბევრად რეალისტურია, ვიდრე მხოლოდ ელემენტებზე მომუშავე საჰაერო სისტემის შექმნა” - ავიაციის ექსპერტი რიჩარდ აბულაფია.

გასულ წლებში ელექტრო ავიაციამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.  2016 წლის ივნისში მზის ენერგიით მომუშავე თვითმფრინავმა პირველად შემოუარა მსოფლიოს. Solar Impulse 2 მთლიანად დაფარულია 17,000 ფოტოვოლტური უჯრედით, რისი მეშვეობითაც მუშაობს ძრავი და იტენება ელემენტები, თუმცა თვითმფრინავს მინუსებიც აქვს: ფრენის დროს კაბინაში ატმოსფერული წნევა დაურეგულირებელია, არ არის შესაბამისი ტემპერატურა და ადგილი მხოლოდ ერთი პილოტისთვისაა. თვითმფრინავი დაფრინავს საათში  30 მილის სიჩქარით ანუ ჩვეულებრივ, საწვავზე მომუშავე თვითმფრინავზე 18-ჯერ ნელა.

Solar Impulse 2

საჰაერო სივრცის ინჟინერის, ბურტ რუთანის მიერ შექმნილი The Long ESA კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. 2012 წელს, ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ელექტრო თვითმფრინავი, რომელმაც 202.6 მილი საათში სიჩქარით იფრინა. შედარებისთვის, Boing 787-ს შეუძლია იფრინოს საათში  585 მილის სიჩქარით.

გასულ მაისში ექსპერიმენტულმა ელექტრო თვითმფრინავმა კატასტროფაგანიცადა ბუდაპეშტთან ახლოს, რამაც პილოტის და მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.თვითმხილველები ამბობენ, რომ თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე ცეცხლი გაუჩნდა. 

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საწვავის ელემენტებით ჩანაცვლება რთული პროცესია.ფაქტია, რომ დღეისათვის ელექტრო ტექნოლოგიას ათწლეულები აშორებს პერსპექტივასთან გადაიყვანოს მგზავრები ელექტრო თვითმფრინავით. ოცნება მფრინავ ელექტრო მანქანებზე გარკვეული დროის მანძილზე კვლავ ოცნებად დარჩება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები