Thumbnail

კეპლერის ტელესკოპმა მისია დაასრულა

  • ტელესკოპი კოსმოსში 9 წელი მუშაობდა
  • კეპლერის ტელესკოპმა 2500-ზე მეტი პლანეტა დააფიქსირა
  • ტელესკოპმა დედამიწის მსგავსი პლანეტები აღმოაჩინა

კეპლერის ტელესკოპმა, რომელიც ნასამ კოსმოსში 2009 წლის მარტში გაუშვა, მისია დაასრულა. ცხრა-ნახევარი წლის განმავლობაში ტელესკოპმა მზის სისტემის ფარგლებს გარეთ 2500-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა. 

ტელესკოპი 1039 კილოგრამს იწონის და კოსმოსში ყველაზე დიდი კამერით არის აღჭურვილი.ნასა ხომალდს  კვირაში ორჯერ ბრძანების გაცემისა და განხორციელებისათვის უკავშირდებოდა. მოპოვებული სამეცნიერო მონაცემები კეპლერის მონაცემთა ცენტრში ინახებოდა. პროექტის ღირებულებამ 600 მილიონ დოლარი შეადგინა.

2011 წლის 20 დეკემბერს ნასას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტელესკოპმა შეძლო ორი ეგზოპლანეტის: Kepler -20e და Kepler -20f დაფიქსირება, რომლებიც დედამიწის ზომის არიან. 2013 წელს კეპლერმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა: დააფიქსირა ერთდროულად სამი ეგზოპლანეტა, რომლებიც ვარსკვლავთან  იმ მანძილზე იმყოფებიან, რომ მათზე თხევადი წყლის არსებობა შესაძლებელია. 2016 წლის მაისში ნასას მეცნიერებმა განაცხადეს,რომ აღმოჩენილი 1284 ეგზოპლანეტიდან 100 დედამიწას ჰგავს, აქედან ცხრა იმყოფება საცხოვრებლად ვარგის ზონაში ანუ ვარსკვლავიდან იმ დისტანციაზე, რაც აუცილებელია პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისათვის.

2017 წელს კეპლერმა კიდევ ერთი  სისტემა აღმოაჩინა, რომელიც მზის სისტემის მსგავსად 8 პლანეტისგან შედგება(პლუტონის ჯუჯა პლანეტად ჩამოქვეითების შემდეგ მზის სისტემაში 8 პლანეტა დარჩა). ტელესკოპმა დაამტკიცა, რომ თეორიულად სიცოხლის პირობები ვარსკვლავის გარშემო მბრუნავ ყოველ მესამე პლანეტაზე არსებობს.

კომენტარები

ბოლო ამბები