Thumbnail

წლის 5 აღმოჩენა კოსმოსში - აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის ვერსია

გიორგი კაკაბაძე
  • 2018 წელს კოსმოსური სივრცის მკვლევარებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთეს
  • 2018 წელს დამტკიცდა, რომ მთვარეზე წყალი არის

2018 წელს კოსმოსში არაერთი საინტერესო აღმოჩენა დაფიქსირდა. გთავაზობთ აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის, პროფესორ  მაია თოდუას შეფასებას ასტრონომიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენების შესახებ 

1.  წყალი მთვარეზე

მთარეზე წყლის არსებობის შესახებ მეცნიერები დიდი ხანია ლაპარაკობენ. თუმცა მხოლოდ წელს დადასტურდა, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე წყალი ნამდვილად არის. მეცნიერებმა დაამუშავეს ინდური ხელოვნური თანამგზავრის „ ჩანდრაინ 1“ -ის მიერ მიღებული მონაცემები და მთვარის პოლუსებთან ახლოს მდებარე კრატერების ფსკერებზე ყინულის კვალი აღმოაჩინეს. დიდი ალბათობით წყალი იქნება მთვარის სხვა კრატერებზეც. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ წყლის რესურესების გამოყენება შესაძლებელი იქნება მომავალში მთვარის შესწავლისა და ათვისებისას.

2. მცირე სხეული მზის სისტემის საზღვარზე

 

ახლახანს ასტრონომებმა მზის სისტემის საზღვარზე, რომელიც ოორტის ღრუბლის სახელითაა ცნობილი, აღმოაჩინეს ციური სხეული. ის გაცილებით შორსაა მზიდან დაშორებული, ვიდრე პლუტონი. მეცნიერებმა გამოთვალეს ამ სხეულის ორბიტა, რითაც დაასკვნეს, რომ ის შეიძლება დაეხმაროს ასტრონომებს სავარაუდო მეცხრე პლანეტის (სხვაგვარად პლანეტა X-ის) მოძიებაში, რომლის არსებობის შესახებ რამდენიმე წელია რაც გამოთქვამენ ვარაუდს.

3  ეგზოპლანეტა - თანამგზავრ ტესს-ის პირველი აღმოჩენა

რამდენიმე თვის წინ ნასამ გაუშვა ეგზოპლანეტების მაძიებელი ახალი თანამგზავრი ტესსი (TESS), რომელმაც უკვე აღმოაჩინა პირველი ობიექტი. ეს პლანეტა ზომით არის დედამიწაზე ორჯერ დიდი და მოძრაობს მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო. ის საკმაოდ ახლოსაა თავის ცენტრალურ ციურ სხეულთან და მის გარშემო შემოვლას 6 დღეს ანდომებს.  ეს ეგზოპლანეტა ჩვენგან დაახლოებით 60 სინათლის წლითაა დაშორებული.

4. ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენები

ზეახალი ვარსკვლავები იშვიათია ჩვენ გალაქტიკაში, თუმცა მათ წიაღში იქმნება მძიმე ელემენტები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებში გვხვდება. მათი აფეთქებებისას ჩნდება მაღალი ენერგიის გამოსხივება- კოსმოსური სხივები. ასტრონომებმა აღმოაჩინეს დიდი ხნის წინ აფეთქებული ზეახლების ნარჩენები, რომლებიც შესაძლოა იყვნენ კოსმოსური სხივების წყაროები. კოსმოსური სხივები ვრცელდება მთელ სამყაროში, მათ შორის მზის სისტემაში და დედამიწის ზედაპირსაც აღწევენ, ატმოსფეროს გავლით. ეს აღმოჩენა ასტრონომებს დაეხმარება შეისწავლონ კოსმოსური სხივების წარმოშობა.

 

5. სამყაროს პირველი ვარსკვლავები

ასტრონომიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სამყაროს წარმოშობა და ევოლუცია. ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ვარსკვლავების წარმოქმნა იწყება დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 250 მილიონი წლის შემდეგ. ამ შედეგმა შესაძლოა დასაბამი დაუდოს ადრინდელი სამყაროს კვლევების ახალ მიმართულებას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები