Thumbnail

კამერა ადამიანს სიარულის მანერით ამოიცნობს

  •  კამერას ადამიანის ამოცნობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია თუ მისი სახე არ ჩანს  
  • ჩინეთის პოლიცია კამერებს უკვე იყენებს პეკინში და შანხაიში

მთელი ჩინეთის მასშტაბით განლაგებული CCTV კამერების დახმარებით, ჩინეთის პოლიციას კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება მათი სხეულის მოყვანილობისა და სიარულის მანერით შეუძლია.

ქვეყნის მასშტაბით 170 მილიონი მსგავსი კამერა არის განლაგებული. კამერები თავდაპირველად მხოლოდ  ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით, ხალხმრავალ ადგილებში საეჭვო პირების გამოსავლენად გამოიყენებოდა. კონკრეტული ადამიანების ამოცნობის ფუნქცია კამერის განახლებულ ვერსიას დაემატა. 

ამ ტექნოლოგიას პოლიცია უკვე იყენებს პეკინსა და შანხაიში. ინდივიდის ამოცნობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი თუ მისი სახე დაფარულია, ან ის კამერისკენ ზურგით დგას. 

ტექნოლოგია ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა Watrix-მა შექმნა. ოფიციალური ვერსიით, მისი მიზანი პოლიციისა და საგამოძიებო სტრუქტურების საქმიანობის გამარტივებაა, თუმცა მედია ჩინეთის მთავრობას კამერების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ამ ტექნოლოგიით პოლიცია ცდილობს სინძიანის პროვინციაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, უიღურების გაკონტროლებას.

კომენტარები

ბოლო ამბები