Thumbnail

Apple-ის ახალ Macbook Air-ს კონკურენციას Windows და iPad უწევს

  • Macbook Air-ს კონკურენტები გამოუჩნდა
  • Apple ძირითად აქცენტს iPad Pro-ს დახვეწაზე აკეთებს

10 წლის წინ ლეპტოპების სამყაროში რევოლუცია მოხდა, როცა Apple-ის დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა ახალი Macbook Air საოფისე კონვერტიდან ამოიღო და მსოფლიოს წარუდგინა. ასეთი თხელი ლეპტოპის ნახვამ არამარტო დამსწრე აუდიტორია, არამედ მთელი მსოფლიო ჩააგდო შოკში. ლეპტოპის ყველაზე სქელი ნაწილიც კი უფრო თხელი იყო, ვიდრე იმ დროისთვის ყველაზე თხელი ლეპტოპების სერიის - the Sony TZ-ის ყველაზე თხელი ნაწილები. 

სტივ ჯობსი Macbook Air-ის პირველ მოდელს წარადგენს, 2008 წელი

იმ დროისთვის, Macbook Air-ს ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავდა. სხვა კომპანიებს Macbook Air-ის ანალოგის შესაქმნელად წლები დასჭირდათ.

10 წლის წინ, Apple-ის Macbook Air-მა ლეპტოპების ახალ ერას ჩაუყარა საფუძველი, თუმცა ლეპტოპის უახლესმა მოდელმა, რომლის პრეზენტაცია გასულ კვირას შედგა, გვაჩვენა, რომ დღეს ბაზარზე 2008 წელთან შედარებით უფრო კონკურენტული გარემოა.

თუკი Macbook Air-ის პირველმა თაობამ მოახდინა რევოლუცია და ხალხის აღტაცება გამოიწვია, მოდელს, რომელიც გასულ კვირას ვნახეთ, რევოლუციაზე მეტად, უფრო განახლება შეგვიძლია ვუწოდოთ. ამ დროს, რევოლუციისთვის ფარულად ემზადებოდა Windows-ი.

MacBook Air-ზე მოთხოვნას ზრდიდა მისი მოსახერხებელი დიზაინი, კარგი კლავიატურა, პრიალა ტრეკპედი. ასევე, შეგეძლოთ ლეპტოპი დაგეხურათ, კვირების განმავლობაში დაგეტოვებინათ და ელემენტი არ დაჯდებოდა. ლეპტოპის ფორმის და თხელი დიზაინის დამსახურებით, მარტივად შეგეძლოთ მისი ტარება თუნდაც სამოგზაუროდ, ელემენტიც საკმაოდ  დიდხანს მუშაობდა. ამ ფუნქციების კომბინაცია საკმაოდ მომხიბვლელი იყო მომხმარებლისთვის. ამავე დროს, არც ისე მიმზიდველი იყო Windows-ის ლეპტოპები; მათი უმრავლესობა მზადდებოდა პლასტმასისგან, ჰქონდა უსწორმასწორო ტრეკპედი და არასტაბილური ელემენტი, ლეპტოპი ძალიან ნელა ირთვებოდა და ითიშებოდა. მიუხედავად იმისა, რომ Dell-მა შეძლო, გამოეშვა Macbook Air-ზე თხელი ლეპტოპების რამდენიმე მოდელი, საერთო ჯამში Apple-ს პირველი ხუთი წლის განმავლობაში ვერავინ აჯობა.

Macbook Air-ის პირველი თაობა

2015 წელს ბაზარზე პირველად გამოჩნდა Dell XPS 13, რომელსაც Macbook Air-ის კონკურენტად მოიაზრებდნენ. ეს იყო ლეპტოპი შთამბეჭდავი ეკრანით, შუშის ტრეკპედით და ალუმინის დიზაინით. სწორედ ამ პერიოდიდან შეძლეს ლეპტოპების შემქმნელებმა თავიანთი ტექნოლოგიების დახვეწა. გაუმჯობესებული ლეპტოპი, Surface Pro 3 გამოუშვა Microsoft-მაც, და მისი სარეკლამო კამპანია ააგო ლეპტოპის Macbook Air-თან შედარებაზე.

Surface Pro 3 Windows 8-ით გაეშვა, თუმცა Microsoft პარალელურად დიდ დროს უთმობდა Windows 10-ის დახვეწას.

Microsoft-მა Surface Pro-ს ტრეკპედების გასაუმჯობესებლად ითანამშრომლა Intel-თან, რამაც ლეპტოპი მაქსიმალურად დაუახლოვა Macbook Air-ს. 2015-ში, Windows 10-ის გამოშვების შემდეგ, Macbook Air უკვე მოძველებულად ითვლებოდა, თანდათან კი კიდევ უფრო გაძლიერდა კონკურენცია. 

Microsoft Surface Pro 3

დღესდღეობით, საუკეთესო ლეპტოპების ჩამონათვალში უკვე ვხვდებით ბრენდების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორისაა: Huawei, HP, Microsoft და Lenovo. იმ პერიოდში, როცა Windows 8 გამოვიდა, კომპანიები ჯერ კიდევ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო იდეალური ლეპტოპი, თუმცა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ ორი ერთში ფორმატის ლეპტოპებზე, რომელიც ტრადიციული ლეპტოპის გარდა ტაბლეტის ფუნქციასაც ითავსებს. HP-ს Spectre X360-მ ამ მხრივ კარგ კომბინაცია შემოგვთავაზა, Microsoft-ის Surface Laptop 2 და Huawei’s MateBook X Pro კი მაინც არ ღალატობდა ლეპტოპების ტრადიციულ ფორმას, თუმცა მათ ჰქონდათ თანამედროვე ელემენტი - Touch Screen. 

რაც შეეხება Apple-ის ლეპტოპებს, წელს Macbook Air-ის ძველი ეკრანი მაღალ რეზოლუციანი ეკრანით შეიცვალა და ეს ცვლილება ოდნავ დაგვიანებულიც კი იყო. Apple 10 წლის განმავლობაში ძველ ეკრანიან Macbook Air-ს 999$-ად ყიდიდა.

Apple-მ Macbook Air-ს ასევე დაამატა Touch ID, თუმცა უფრო დიდი ცვლილება იქნებოდა, თუკი Face ID-ს დაამატებდა, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ, რომ Windows 10-მა თავისი ლეპტოპებისთვის Windows Hello წარადგინა, რომელიც Face ID-ის ანალოგია Windows-ისთვის.

როგორც ჩანს, ძირითადი ცვლილებები Apple-მა iPad-ისთვის შემოინახა. iPad-ს აქვს როგორც Face ID, ასევე მძლავრი, A12X პროცესორი. Apple-ის თქმით, ახალი iPad Pro ბევრად სწრაფად მუშაობს, ვიდრე გასულ წელს გამოსული ლეპტოპების 92%. სახის ამომცნობი სისტემა და ძლიერი პროცესორი მას ამ ეტაპისთვის განახლებულ Macbook Air-ზე ბევრად მიმზიდველს ხდის.

ზოგადად ჩანს, რომ Apple Macbook Air-ზე მეტად iPad Pro-ს დახვეწაზე არის კონცენტრირებული და ეს გასული წლის გაყიდვებზეც აისახა. Apple-ის მონაცემებით, მათ შარშან ნებისმიერი მწარმოებლის ნებისმიერ ლეპტოპზე მეტი iPad გაყიდეს.

“ეს iPad-ს ხდის არამარტო ყველაზე პოპულარ ტაბლეტს, არამედ ყველაზე პოპულარულ კომპიუტერსაც” - აცხადებს Apple-ის დირექტორი ტიმ ქუქი. 

დებატები იმის შესახებ, ლეპტოპი სჯობს თუ ტაბლეტი, კვლავ გაგრძელდება წლების მანძილზე, თუმცა ცხადია, რომ Apple-ის Macbook Air-ს ამდენი კონკურენტი ბაზარზე ჯერ არასდროს ყოლია. კომპიუტერების ინდუსტრია საგრძნობლად დაიხვეწა და ეს Apple-ის პროდუქტების დამსახურებაცაა, თუმცა ინდუსტრიის მომავალზე Macbook Air-ზე მეტად გავლენას უკვე iPad Pro მოახდენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები