Thumbnail

ინსტაგრამი პროფილებს ყალბ გამომწერებს გაუუქმებს

  • ინსტაგრამი ყალბი გამომწერების წინააღმდეგ
  • გამომწერების გაუქმებით აპლიკაცია სანდოობის შენარჩუნებას ცდილობს

სოციალური ქსელი ინსტაგრამი ბრძოლას უცხადებს აპლიკაციებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს სერვისს, გამომწერთა რაოდენობა ყალბი პროფილებით გაიზარდოს. კომპანიამ უკვე დაიწყო იმ მომხმარებელთა პროფილების გაუქმება, რომლებიც გამომწერთა რაოდენობის გასაზრდელად მსგავს აპლიკაციებს იყენებდნენ.

“ეჭვმიტანილ” მომხმარებლებს ინსტაგრამი თავდაპირველად გამაფრთხილებელ შეტყობინებას უგზავნის და მათ მოუწოდებს, შეცვალონ პასვორდი და შეწყვიტონ გამოწერების და მოწონებების გამყიდველი აპლიკაციების გამოყენება.

ინსტაგრამი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ გარე აპლიკაციებისთვის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამხელა მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს. 

თუ ინსტაგრამზე თქვენი გამომწერების რაოდენობა დაიკლებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აწყენინეთ - თქვენს გამომწერთა სიას უბრალოდ ყალბი პროფილები გამოაკლდა. 

ყალბი გამომწერების მომატების საფასური მათი რაოდენობის მიხედვით განსხვავდება, საშუალოდ კი ფასები 5 დოლარიდან იწყება. აპლიკაციის გამოსაყენებლად მომხმარებელი მას წვდომას აძლევს თავის პროფილზე, აძლევს კონკრეტულ დავალებას, მაგალითად გამომწერების, ვიდეოს ნახვების, მოწონებების ან კომენტარების მომატებას, დანარჩენს კი აპლიკაცია ავტომატურად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი სერვისის მომწოდებელმა რამდენიმე აპლიკაციამ ფუნქციონირება უკვე შეწყვიტა.
 
დღეს, როცა ინსტაგრამზე გამომწერთა რაოდენობით ადამიანების გავლენა, სანდოობა და მათ პროფილზე სარეკლამო სივრცის ფასიც კი განისაზღვრება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ რიცხვების ავთენტურობა. ყალბი გამომწერების, მოწონებებისა და კომენტარების წაშლით ინსტაგრამი ცდილობს, ამ რიცხვებით მანიპულირების შანსი მაქსიმალურად შეამციროს, რათა  პლატფორმას აქტუალურობა და სანდოობა შეუნარჩუნდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები