Thumbnail

NASA კონკურენტი კომპანიების რაკეტების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს

  • NASA-ში კერძო კომპანიების რაკეტების გამოყენებაზე ფიქრობენ
  • NASA-ს სარაკეტო სისტემების პროექტ SLS-ს ტექნიკური პრობლემები შეექმნა

Space Launch System (SLS) კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს პრიორიტეტული პროექტია.მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ უნდა განხორციელდეს ახალი მისია მთვარეზე და შემდეგ უკვე მარსზე. თუმცა NASA-ს მენეჯმენტში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ  შესაძლებელია რაკეტების სისტემაზე უარი თქვან, ისევე როგორც კოსმოსურ ხომალდ Orion-ზე, რომელიც ამ პროექტის ნაწილია. იმ შემთხვევაში თუ კერძო კომპანიები საიმედო, უსაფრთხო და დაბალ ბიუჯეტიან ალტერნატივას წარადგენენ, NASA სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტს შეაჩერებს.ამის შესახებ სააგენტოს წარმომადგენელმა სტივენ იურჩიკმა განაცხადა.

ვფიქრობ, რომ თუ კერძო კომპანიები კომერციული თვალსაზრისით ხელსაყრელ წინადადებას შემოგვთავაზებენ, ჩვენ სახელმწიფოს დაფინანსებულ სარაკეტო სისტემაზე უარს ვიტყვით. კოსმოსის ასათვისებლად ჩვენ ახალი, მძლავრი რაკეტა გვჭირდება- განაცხადა იურჩიკმა.

პოტენციურ ალტერნატივად  ელონ მასკის Space X-ის Starship(მანამდე ცნობილი როგორც Big Falcon Rocket) და ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის New Glenn განიხილება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კერძო კომპანიებმა კოსმოსური სივრცის ათვისების კუთხით დიდ პროგრესს მიაღწიეს და  NASA-ს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მთვარეზე დაბრუნების მისიას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მარსზე პირველ მისიას არა NASA, არამედ რომელიმე კერძო კომპანია განახორციელებს.

Blue Origin რაკეტა New Glenn-ზე 2012 წლიდან მუშაობს
 
Big Falcoon Rocket Space X-ის ამბიციური პროექტია, რომლის გამოცდაც 2019 წელს არის დაგეგმილი
 

NASA-ს წარუმატებლობის  მიზეზი არა მხოლოდ ელონ მასკის და ჯეფ ბეზოსის კომპანიების ეფექტური მუშაობაა, არამედ ისიც, რომ რაკეტა SLS-ზე მუშაობის დროს NASA-ს გუნდს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეექმნა. SLS-ის პროგრამაში უკვე დაიხარჯა 11,9 მილიარდი დოლარი. მშენებლობის დასრულებას დამატებით კიდევ 5 მილიარდი დოლარი სჭირდება. პირველი სატესტო მისია მთვარეზე 2020 წლის ივნისში უნდა შესრულებულიყო, თუმცა პროექტის განხორციელება გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებს დაახლოებით ორი წლით ჩამორჩება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები