Thumbnail

Space X-ის კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ პირველად გაფრინდება

  • Space X-ის კოსმოსური ხომალდი Crew Dragon სატესტო გაფრენას საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ განახორციელებს
  • სატესტო ფრენის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში NASA ხომალდს კოსმოსური სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად გამოიყენებს

კოსმოსური აპარატის Crew Dragon-ის პირველი უპილოტო გაფრენა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ 2019 წლის 7 იანვარს შედგება. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.აპარატს რაკეტა გადამზიდავ Falcon 9-ის მეშვეობით ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ.

სადემონსტაციო ფრენის დროს Falcon 9-ის და Crew Dragon-ის ტექნიკურ მახასიათებლებს გამოცდიან. Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული მისია 2019 წლის ივნისშია დაგეგმილი.NASA-ს სურს Space X-ის კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად გამოიყენოს.ამავე მიზანს ემსახურება NASA-ს კომერციული კონტრაქტი Boeing-თან. Boeing თავის მხრივ საკუთარ კოსმოსურ ხომალდ CST- 100 Starliner-ზე მუშაობს, რომლის გამოცდაც 2019 წლის მარტში უნდა მოხდეს.

2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც NASA-მ შათლების პროგრამაზე უარი თქვა, კოსმოსური კვლევის სამმართველო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გადასაყვანად რუსული "როსკოსმოსის" ხომალდებს იყენებს. კერძო ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობა NASA-ს შესაძლებლობას მისცემს რუსული კოსმოსური ხომალდების გამოყენებაზე უარი თქვას.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური კოსმოსში აწყობილი ორბიტული სადგურია, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს. საერთაშორისო კოსმოსური სადგური 14 სახელმწიფოს: შეერთებული შტატების, კანადის, იაპონიის, რუსეთის და ევროპის 10 ქვეყნის ერთობლივი პროექტია. მისი ექსპლუატაცია 1998 წლიდან დაიწყო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები