Thumbnail

ელონ მასკი მარსზე გამგზავრებას და კოლონიის დაარსებას გეგმავს

  • ელონ მასკმა ტელეკომპანია HBO-თან ინტერვიუში მარსის კოლონიზაციაზე ისაუბრა
  • მასკი ამბობს, რომ მარსზე თავადაც აპირებს გამგზავრებას

Space X -ის დამფუძნებელი ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის პროექტზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მას სურს არა მხოლოდ ადამიანების მარსზე გადაყვანა, არამედ წითელ პლანეტაზე კოლონიის დაარსებაც. ტელეკომპანია HBO-თვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ იმის შანსი, რომ თავად გაემგზავრება მარსზე 70 პროცენტია.

Space X-ის დამფუძნებელმა დაადასტურა, რომ  მარსზე გამგზავრების მსურველები უკვე დღეს მზად არიან ასობით ათასი დოლარი გადაიხადონ კოსმოსურ მგზავრობაში. მისი შეფასებით ეს არ იქნება უბრალოდ თავგადასავალი. წითელ პლანეტაზე ადამიანებს არაერთი სირთულის დაძლევა მოუწევთ და გარემო, სადაც ისინი მოხვდებიან სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც დედამიწის თუნდაც ყველაზე რთულ კლიმატურ პირობებში შეხვდებიან. მასკმა ისიც აღნიშნა, რომ პირველ კოლონისტებს მარსზე მუშაობა ინტერნსიურ რეჟიმში მოუწევთ და რთული პირობების გამო დიდი ალბათობით მსხვერპლიც იქნება.

მასკმა მარსზე კომერციული ფრენის ფასზეც ისაუბრა.მისი შეფასებით მარსზე გამგზავრების ღირებულება ძალიან მაღალი არ უნდა იყოს.

“ ყველას არ აქვს სურვილი მარსზე გაემგზავროს. რეალურად ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფს აქვს მარსზე მოხვედრის სურვილი.აქედან არის რაღაც ნაწილი, ვისაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა მგზავრობის ღირებულება გადაიხადოს. ვისაც არ აქვს, შესაძლებელია სპონსორის მონახვა. პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიზნად დაისახავს მარსზე გამგზავრებას საბოლოოდ მაინც მოახერხებს ბილეთის ყიდვას. იმის გათვალისიწებით, რომ კოლონიზაციის დროს პლანეტაზე სამუშაო ძალის ნაკლებობა იქნება, ვაკანსიები ყოველთვის გვექნება.”

Space X-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ცნობილია, როგორც ექსცენტრიული მილიარდელი. ჟურნალ ფორბსის 2017 წლის მონაცემებით ელონ მასკის ქონება 21 დოლარს აღემატება. 1998 წელს მან დაარსა Pay Pal - ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც ახორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაციებს ინტერნეტის საშუალებით. 2002 წელს Pay Pal eBay-მ შეიძინა 1,5 მილიარდ დოლარად.

2002 წელს მასკმა დაარსა  Space X- კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანია.მან მიზნად დაისახა კოსმოსური ფრენების ფასის 10-ჯერ შემცირება. მასკი ამბობს, რომ რაკეტებმა და კოსმოსურმა ხომალდებმა შეიძლება ჩაანაცვლონ თვითმფრინავები და მათი საშუალებით დედამიწის ნებისმიერ პუნქტში მოვხვდეთ. თუმცა Space X-ის დამფუძნებლის მთავარი მიზანი კოსმოსური სივრცის ათვისება და ადამიანის სხვა პლანეტებზე გადაყვანაა. Space X-ის ამბიციურ გეგმებში შედის 2022 წლისთვის პირველი უპილოტო გაფრენა მარსზე, 2024 წელს კი ადამიანის წითელ პლანეტაზე გადაყვანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები