Thumbnail

ოკეანის პლასტმასის ნარჩენებისგან გასუფთავების პროექტი წარუმატებლად დასრულა

  • წყნარ ოკეანეში პლასტმასის ნარჩენებისგან ნაგვის “კუნძულები" შეიქმნა
  • The Ocean Cleanup პროექტის ფარგლებში იგეგმება ოკეანიდან ნარჩენების ამოღება
  • ამ ეტაპზე პროექტი წარუმატებლად დასრულდა

გარემოს ნარჩენებით დაბინძურების პროცესი სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს. ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ოკეანეებშიც. წყნარ ოკეანეში ეგრეთ წოდებული ნაგვის “კუნძულები” არსებობს. “კუნძული” ძირითადად პლასტმასის ნარჩენებისგან შედგება. ნახევარი საუკუნის განმავლობაში წყნარ ოკეანეში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობა ასჯერ გაიზარდა. ნარჩენების ნაწილი ოკეანის ფსკერზე ილექება, ნაწილი კი ზედაპირზე რჩება. პლასტმასის ბოთლები და პოლითილენის პარკები ანადგურებს ეკოსისტემას და ათასობით ზღვის ცხოველს, მათ შორის დელფინებს და ვეშაპებს. ნაგვის “კუნძულების” გამო სერიოზული პრობლემები ექმნება წყნარი ოკეანის  სანაპირო ზოლს და მოსახლეობას.პლასტმასის ნარჩენების დაშლას ბუნებაში ასობით წელი სჭირდება.

2018 წლის სექტემბერში დაიწყო წყნარი ოკეანის დასუფთავების ყველაზე მასშტაბური პროექტი სახელწოდებით The Ocean Cleanup. დაამზადეს წყალზე მცურავი მილების სისტემა, რომელსაც ლათინური U-ს ფორმა აქვს. პირველი პროტოტიპი System 001 კალიფორნიასა და ჰავაის კუნძულებს შორის გაუშვეს. პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, ნაგავი მილების სისტემის შიგნით უნდა მოხვედრილიყო, შემდეგ კი მოხდებოდა მისი წყლიდან ამოღება. თუმცა მისიას დასაწყისშივე პრობლემები შეექმნა. პროტოტიპმა ვერ შეძლო ნაგვის სისტემის შიგნით გაჩერება. სავარაუდოდ პლასტმასის ნარჩენები წყალში უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე U-ს ფორმის კონსტრუქცია.

ავტორები პროექტის შეჩერებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ხარვეზებს გამოასწორებენ და გაუმჯობესებულ სისტემას შექმნიან, რომლის გამოცდაც 2020 წელს მოხდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, The Ocean Cleanup პროგრამით 2040 წლისთვის ოკეანეში არსებული პლასტმასის ნარჩენების 90 პროცენტის ამოღება უნდა მოხდეს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები