Thumbnail

გენეტიკური “ნოეს კიდობანი” ათასობით სახეობას გადაარჩენს

  • პროექტი Genome 10 K 66 000 სახეობის ცხოველის გენომის შეგროვებას გეგმავს
  • პროექტის მიზანი იშვიათი სახეობების გადაშენების პროცესის შეჩერებაა

გენომი ორგანიზმის უჯრედში შენახული მემკვიდრული მასალის ერთობლიობაა. გენომი შეიცავს ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის. გენომების უმეტესობა, მათ შორის ადამიანის და სიცოცხლის ყველა სხვა უჯრედული ფორმის, აგებულია დნმ-სგან.

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელშიც 50-ზე მეტი ინსტიტუტი შედის, მიზნად დაისახა დედამიწაზე მობინადრე 66 000 სახეობის ცხოველის გენომის შეგროვება. ჩამონათვალში შევლენ როგორც ძუძუმწოვრები და ფრინველები, ასევე რეპტილიები, ამფიბიები და თევზები. პროექტის ღირებულება 600 მილიონი დოლარია, თუმცა მიზანი, რომელსაც მეცნიერები ისახავენ მასშტაბურია.

ახალ ზელანდიაში მობინადრე თუთიყუში კაკაპო ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველია, რომლის რაოდენობაც 125-ს არ აღემატება
 

წლიდან წლამდე ადამიანური ფაქტორის ზეგავლენით მცირდება სხვადასხვა სახეობის ცხოველთა რაოდენობა, მათი განსახლების არეალი, ბევრი იშვიათი სახეობა კი საერთოდ გადაშენდა. როგორც მინიმუმ, ცხოველების 17 სახეობა გადაშენდა ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან.

თეთრი მარტორქის ჩრდილოური ქვესახეობა ბუნებაში უკვე აღარ არსებობს, ზოოპარკებში კი ამ ცხოველის მხოლოდ ორი ეგზემპლარი დარჩა
 

პროექტს ორგანიზებას უწევს კონსორციუმი, რომლის სახელწოდებაა Genome 10 K. ეს ჯგუფი თავდაპირველად გეგმავდა ხერხემლიანი ცხოველების 10 000 სახეობის გენომების შეგროვებას, თუმცა საბოლოდ გადაწყდა 66 000 სახეობის როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი წარმომადგენლების გენომების სეკვენირება.

ბუნებაში იავური ლეოპარდის მხოლოდ 250 ინდივიდია შემორჩენილი

პროექტში 12 ქვეყნის 150 მეცნიერია ჩართული. Genome 10 K როგორც ბიოლოგიისთვის, ასევე მედიცინისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტად მიიჩნევა. მიზანი დედამიწის ხერხემლიანი სახეობების სრული კატალოგის შექმნაა, რამაც სახეობების გადაშენების პროცესის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს.  Genome 10 K წარმომადგენლის ადამ ფილიპის განცხადებით:

უახლოეს წარსულში ერთი სახეობის ცხოველის გენომზე მუშაობის დასრულებას მილიონობით დოლარი და წლები სჭირდებოდა. სეკვენირების ახალი ტექნოლოგიებით ჩვენ შევძლებთ ერთი გენომის შექმნას სულ რამდენიმე დღეში. ერთი სახეობის დნმ-ის სეკვენირება დღეს დაახლოებით 30 000 დოლარი ჯდება.

ცხოველების გენომებს სპეციალურ ბაზაში შეინახავენ, რომელსაც გენომების “კიდობანი” უწოდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები