Thumbnail

ხელოვნური ინტელექტი მაღაზიაში პოტენციურ ქურდს გამოავლენს

  • სათვალთვალო სისტემა მაღაზიას პოტენციური ქურდის გამოვლენაში დაეხმარება
  • სისტემა 27 კამერას იყენებს, რომლის მონაცემებს ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს

მსოფლიოში სულ უფრო ხშირად იხსნება მაღაზიები, სადაც თვითმომსახურების სერვისი მუშაობს. ავტომატიზირებულ მაღაზიებში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქურდობის შემთხვევებს აფიქსირებენ. თუმცა კომპანია Standart Cognition-მა ეს სისტემა კიდევ უფრო დახვეწა. კომპანიის მიერ შემუშავებული პროგრამა ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს პოტენციური დამნაშავე ქურდობამდე გამოავლინოს.

სისტემა 27 კამერას იყენებს, რომლებიც სპეციალური ალგორითმით იმართება. ის აფიქსირებს მომხმარებლის სხვადასხვა მონაცემებს: ნაბიჯის სიგრძეს და სისწრაფეს, მზერის მიმართულებას და იმ საქონელსაც კი, რომელსაც ადამიანი მოცემულ მომენტში უყურებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ინფორმაციას ამუშავებს და მაღაზიის კლიენტის “ პოტენციურ საიმედოობაზე” დასკვნას დებს.

Standart Cognition-ის დამფუძნებლები ადრე შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების კომისიაში მუშაობდნენ, სადაც თაღლითური სქემების გამოსავლენად სხვადასხვა ალგორითმები შეიმუშავეს. კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მაიკლ სუსველის განცხადებით:

ყველაფერი საკმაოდ მარტივია. პოტენციურ ქურდებს გააჩნიათ სხვადასხვა მახასიათებლები. მაგალითისთვის შემიძლია ჩამოგითვალოთ ორი ასეთი მახასიათებელი:  აქვთ მოკლე ნაბიჯი და თვალებით მუდმივად ეძებენ მაღაზიიდან გასასვლელს. თუ სისტემა საეჭვო ადამიანს დააფიქსირებს, ის განაგრძობს თვალთვალს და ქურდობის მცდელობის შემთხვევაში, მაშინვე შეატყობინებს მაღაზიის დაცვას.

 

Standart Cognition-მა უკვე მიიღო 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია და გახსნა პირველი სატესტო მაღაზია, სადაც სისტემის ნაკლოვანებების გამოსწორებაზე მუშაობენ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის  სისტემას შეერთებული შტატების ასობით მაღაზიაში დაამონტაჟებენ.

როგორ მუშაობს Standart Cognition-ის მიერ შექმნილი სისტემა შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში.

 

კომენტარები

ბოლო ამბები