Thumbnail

სტუდენტებმა და მოყვარულმა ასტრონომებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

  • NASA-ში პრაქტიკაზე მყოფმა სტუდენტებმა ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
  • ეგზოპლანეტა K2-288Bb სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს

ახალი პლანეტების აღმოჩენა შეუძლიათ არა მხოლოდ პროფესიონალებს, არამედ სტუდენტებს და ასტრონომ მოყვარულებსაც კი. სწორედ ეს დაამტკიცეს ჩიკაგოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ინტერნეტ ფორუმ Zooniverse-ის მომხმარებლებმა.

ადინა ფაინშტაინი და მაკენოი ბრისტოუ NASA-ში სტაჟირებას გადიოდნენ. სტუდენტები “კეპლერის” კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებს სწავლობდნენ. (ტელესკოპმა მუშაობა 2018 წლის 30 ოქტომბერს შეწყვიტა, თუმცა მეცნიერები განაგრძობენ მის მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის შესწავლას). NASA-ს პრაქტიკანტებმა ტელესკოპის სინათლის სენსორების მიერ ჩაწერილი ინფორმაციის საფუძველზე ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტის აღმოჩენაში სტუდენტებს საიტ Zooniverse-ის მომხმარებლებიც დაეხმარნენ, რომლებმაც ეგზოპლანეტის მოძრაობის ტრანზიტი დააფიქსირეს. მოგვიანებით ეს მონაცემები NASA-ს ექსპერტებმა გადაამოწმეს და ეგზოპლანეტის აღმოჩენა ოფიციალურად დაადასტურეს.

ეგზოპლანეტა, რომელსაც K2-288Bb უწოდეს, დედამიწიდან 226 სინათლის წლის მანძილზე, კუროს თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენ პლანეტაზე დაახლოებით ორჯერ დიდია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეგზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაშია განლაგებული ანუ არ არის გამორიცხული მასზე თხევადი წყლის და სიცოცხლის არსებობა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები