Thumbnail

LG-ს ლუდსახარში აპარატით ლუდის სახლში დამზადებას მარტივად შეძლებთ

  • LG-მ გამოფენა CES 2019-ზე ლუდსახარში აპარატი წარმოადგინა
  • ლუდსახარში აპარატი HomeBrew მაქსიმალურად ამარტივებს ლუდის დამზადების პროცესს

ლას ვეგასში მიმდინარე გამოფენა CES 2019-ზე კომპანია LG-მ ლუდის მოყვარულებისთვის დამაინტრიგებელი ინოვაციური აპარატი წარმოადგინა. ლუდსახარში აპარატი HomeBrew მაქსიმალურად ამარტივებს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ალკოჰოლური სასმელის დამზადების პროცესს. HomeBrew ფაქტობრივად ყავის აპარატის ანალოგია.

ლუდის დასამზადებლად მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ სპეციალური კაფსულები და წყალი. ლუდის მიღების ტექნოლოგიურ პროცესს მთლიანად აპარატი აკონტროლებს. ლუდის დამზადების სიმარტივის მთავარი მიზეზი კაფსულებია, რომლებშიც ყველა საჭირო ინგრედიენტი შედის. ასეთ კაფსულებს სხვადასხვა კომპანიები ამზადებენ, როგორიცაა მაგალითად ბრიტანული Muftos. HomeBrew-ს შეუძლია დაამზადოს სხვადასხვა ტიპის ლუდი, როგორიცაა ბრიტანული სტაუტი, ამერიკული ელი, ჩეხური პილზნერი და ბელგიური ვითბირი.

LG-ს წარმომადგენლის განცხადებით, სასმელის დამზადებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. პროცესზე თვალყურის დევნება შესაძლებელია Android და iOS მობილური ოპერაციული სისტემის მეშვეობით. HomeBrew ავტომატურად აკონტროლებს ფერმენტაციის პროცესს, რომლის ალგორითმის შექმნისთვის LG-ს დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. პროდუქტის საბოლოო სახით დამზადების შემდეგ, აპარატი ავტომატურად იწმინდება ცხელი წყლით. კომპანიაში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, როდის გამოვა გაყიდვაში და რა ეღირება HomeBrew-ს ლუდსახარში აპარატი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები