Thumbnail

10 საუკეთესო ტექნოლოგიური მოწყობილობა CES 2019-იდან

8-12 იანვარს ქალაქ ლას ვეგასში სამომხმარებლო ტექნიკის გამოფენა Consumer Electronic Show 2019 გაიმართა, სადაც ცნობილმა თუ უცნობმა ბრენდებმა უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობები წარადგინეს. წარმოგიდგენთ გამოფენაზე წარმოდგენილ ათ ყველაზე დასამახსოვრებელ მოწყობილობას:

LG Signature OLED TV R

65-დიუმიანი დიაგონალის და 4K გაფართოების მქონე LG Signature OLED TV R პირველი დასაკეცი ტელევიზორია. მას სხვადასხვა სმარტ-ფუნქციის და Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის - Alexa-ს მხარდაჭერა აქვს. 2019 წლის ბოლოდან ტელევიზორი ამერიკაში გაიყიდება, თუმცა გამოსვლის ზუსტი თარიღი და ფასი ჯერჯერობით უცნობია.

Royole FlexPai

FlexPai პირველი დასაკეცი სმარტფონია, რომელიც ნაკლებად ცნობილმა კომპანია Royole-მ შექმნა. ჩინეთში ტელეფონი უკვე გაყიდვაშია და მისი ღირებულება 1500 დოლარია. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო ტელეფონმა ჟურნალისტებისგან უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა, FlexPai პირველი ფუნქციონირებადი დასაკეცი ტელეფონია, რომელსაც დიდი გავლენა ექნება სმარტფონების ბაზარზე.

Nreal Light

"შერეული რეალობის" მოწყობილობა Nreal Light Snapdragon 845-ის პროცესორზე მუშაობს და მას ვიდეოსა და გამოსახულებების რეალურ სამყაროში გადმოტანის ფუნქცია აქვს. Nreal Light ჩვეულებრივ მზის სათვალეებს გავს, თუმცა მისი მუშაობისთვის ცალკე ბლოკია საჭირო. მოწყობილობის გამოსვლა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

Bell Nexus

CES 2019-ზე კომპანია Bell-მა კონვერტოპლანი - Nexus Air Taxi წარადგინა. საფრენი აპარატი აღჭურვილია ექვსი პროპელერით, რომელიც მას ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების საშუალებას აძლევს. მწარმოებელი კონვერტოპლანის ელექტრონული და ჰიბრიდული ვერსიების გამოშვებას გეგმავს, რომელთა ტესტირება 2020 წელს არის დაგეგმილი. Nexus Air პირველ რიგში მეგაპოლისებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც მუდმივად საცობებია.

Hyundai Elevate

CES 2019-ზე Hyundai-ს მიერ შექმნილი ავტომობილისა და რობოტის ჰიბრიდი - Elevate წარადგინეს. Elevate-ის ოთხივე ფეხს აქვს ბორბალი, რომელსაც 360 გრადუსით შემობრუნება შეუძლია. ჰიბრიდი სამაშველო სამსახურებისთვის იქმნება, თუმცა მას სავარაუდოდ სამხედროები და პოლიციებიც გამოიყენებენ. Elevate-ის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ASUS ROG Mothership

სპეციალურად გეიმერებისთვის შექმნილი მონობლოკი აღჭურვილია Intel Core i9-8950HK-ს ექვს ბირთვიანი პროცესორით, 64GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით და GeForce RTX 2080-ის ვიდეობარათით. კლავიატურას აქვს როგორც კაბელურ, ასევე უკაბელო რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა. კომპიუტერი გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა.

Hyundai Mobis

Hyundai-მ რობოტისა და ავტომობილის ჰიბრიდის გარდა CES 2019-ზე უპილოტო ელექტრომობილი Mobis წარადგინა, რომელსაც არ აქვს საჭე, თუმცა დიდი ფანჯრები, ეკრანები და კომფორტული სავარძლები აქვს.

Lexar Professional 633x

კომპანია Lexar-მა CES 2019-ზე ერთი ტერაბაიტის მოცულობის Professional 633x SD-ბარათი წარადგინა, რომელიც ძირითადად ვიდეოგრაფებზეა გათვლილი. მონაცემების მაქსიმალური წაკითხვის სიჩქარე 95მბ/წმ-ია ჩაწერის სიჩქარე კი 70მბ/წმ. SD ბარათის ყიდვა უკვე შესაძლებელია - მისი ღირებულება 500 დოლარია.


Samsung Bot Care

Samsung-ის მიერ შექმნილი რობოტის, Bot Care-ის მოვალეობა მოხუცებული ადამიანების მოვლაა. რობოტი აკვირდება მფლობელის ჯანმრთელობას, ფიზიკურ აქტივობას, ზომავს მის პულსსა და წნევას, ახსენებს წამლის მიღების დროს და თუკი აფიქსირებს, რომ მოხუცებული დაეცა და არ მოძრაობს, სასწრაფო დახმარებას იძახებს. პირად ექიმს რობოტის დახმარებით შეუძლია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას რეალურ დროში დააკვირდეს. სამედიცინო მაჩვენებლები Samsung Health-ის სპეციალურ აპლიკაციაში იწერება და ინახება.

WT2 Plus

WT2 Plus არის კომპანია TimeKettle-ის მიერ შექმნილი თარჯიმანი, რომელიც ადამიანებს ენობრივი ბარიერის გადალახვაში დაეხმარება. მოწყობილობის ღირებულება 219 დოლარია. WT2 Plus-ს სამ რეჟიმში შეუძლია მუშაობა და თარგმანისთვის Google-სა და Microsoft-ის სერვისებს იყენებს. WT2 Plus-ს ოცი ენიდან შეუძლია თარგმნა, თუმცა შემქმნელები უახლოეს მომავალში მოწყობილობისთვის კიდევ 15 ენის დამატებას გეგმავენ.

კომენტარები

ბოლო ამბები