Thumbnail

ახალი კვლევები ადასტურებს, რომ სატურნის რგოლები დინოზავრების ეპოქაში გაჩნდა

  • ახალი კვლევების თანახმად სატურნის რგოლები დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ გაჩნდა
  • რგოლების შექმნის შესახებ არაერთი თეორია არსებობს

მზის სისტემის პლანეტებს შორის სატურნი ვიზუალურად ალბათ ყველაზე უჩვეულო და გამორჩეული პლანეტაა. ამის მიზეზი მისი რგოლებია. სატურნს  სულ ოთხი რგოლი აკრავს, რომელთა დიამეტრი 250 ათასი კილომეტრია, სისქე კი მხოლოდ ერთი კილომეტრია. რგოლების 93 პროცენტი ყინულის ნაწილაკებისგან, 7 პროცენტი კი ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება.

მეცნიერების შეფასებით, სატურნის ასაკი 4, 5 მილიარდი წელია. ვარაუდობდნენ, რომ რგოლებიც დაახლოებით იმავე პერიოდში შეიქმნა. თუმცა ბოლო კვლევების მიხედვით, პლანეტას რგოლები გაცილებით უფრო გვიან, დაახლოებით 80 - 100 მილიონი წლის წინ გაუჩნდა.

აღმოჩენა კოსმოსურ აპარატ “კასინის” მონაცემების შესწავლის შემდეგ გაკეთდა. “კასინი” 1997 წელს კანავერალის კონცხიდან გაუშვეს და მან სატურნის ორბიტას 7 წლის შემდეგ მიაღწია. კოსმოსური აპარატი მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტას 2017 წლის 15 სექტემბრამდე იკვლევდა, სანამ სატურნის ატმოსფეროში არ დაიწვა. “კასინის” მიერ გამოგზავნილი ბოლო მონაცემების დეტალურად შესწავლის შემდეგ ასტრონომები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რგოლები, რომლებიც პლანეტის სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ, თავად სატურნზე გაცილებით გვიან გაჩნდნენ.

სატურნის რგოლების შესახებ არაერთი თეორია არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი პლანეტის დიდ ობიექტთან შეჯახების შემდეგ გაჩნდნენ. ასევე არსებობს ვერსია, რომ რგოლები სატურნის დაშლილი თანამგზავრის ნაწილია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები