Thumbnail

CES 2019 | 5 ვიდეო-ტექნოლოგია, რომელიც ყველაფერს შეცვლის

კახა მშვიდობაძე პროფილის ფოტო
კახა მშვიდობაძე

ლას-ვეგასმა მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ გამოფენას უმასპინძლა. CES 2019-ზე მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს როგორც წამყვანმა, ისე ახალბედა კომპანიებმა მიიღეს. თქვენი ყურადღების შეჩერება იმ სიახლეებზე გვსურს, რომლებიც სხვადასხვა სახის ვიდეო-პროდუქტის წარმოების მიმართულებით შეიქმნა, ან დაანონსდა.

ტერაბაიტიანი SD ბარათი

კომპანია Lexar-მა CES-ზე წარმოადგინა მსოფლიოში პირველი SD ბარათი, რომლის მეხსიერება 1 ტერაბაიტია. Lexar მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიაა, SDHC მეათე კლასის პირველი ბარათია, რომელსაც ამ მოცულობის მეხსიერება აქვს.

ბარათის ჩაწერის სიჩქარე არის 70 მბ/წმ, წაკითხვის - 95 მბ/წმ. მონაცემები საშუალებას იძლევა, დაუბრკოლებლად ჩაიწეროს მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეოგამოსახულება. სიახლე განსაკუთრებით გასახარია ვიდეოგრაფებისთვის, რომლებიც Full HD ან 4K-ში მუშაობენ. 

იმის გათავლისწინებით, რომ ბაზრის ისეთმა ლიდერებმა, როგორებიც Canon და Sony არიან, ირიბად დაანონსეს 8K გაფართოების გამოსახულების მიღება არასარკულ (mirrorless) კამერებში, რაც Lexar-ის ამ მიღწევას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.

Raw მასალა HDMI პორტიდან

2019 წელი ვიდეოპროდუქტზე მომუშავე ადამიანებისთვის საინტერესოდ დაიწყო. Nikon-მა ბაზარზე შემოსვლა მძლავრად გადაწყვიტა და დიდი სიახლეები დაანანონსა. ახალი Z-სერიის არასარკული კამერები სფეროს სპეციალისტებს დიდი ხნის ოცნების ახდენას დაჰპირდა: RAW მასალა HDMI გამომსვლელიდან!

მანამდე, 2018 წლის NAB-ის გამოფენაზე , Atomos-ის CEO-მ, ჯერომი იანგმა, მკაფიოდ აგრძნობინა კამერების მწარმოებლებს, რომ კომპანია მზად იყო HDMI-დან RAW-ის ჩასაწერად. ამისთვის ის Apple-ის მიერ შექმნილი ახალი კოდეკის, ProRes RAW-ს, გამოყენებას აპირებდა. შეთავაზებას პირველი Nikon გამოეხმაურა. ეს შესაძლებელი Z-სერიის კამერების და Atomos Ninja V რეკორდერით ხდება.

ვთქვათ ისიც, რომ ეს არ არის ფოტოკამერებიდან RAW-ის მიღების პირველი შემთხვევა. აქამდე ეს არაოფიციალური გზით, ქენონის კამერებით, Magic lantern-ის გამოყენებით იყო შესაძლებელი. ჰაკერული გზებით მიღებულ შედეგს თან ბევრი პრობლემა ახლდა და იგი განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა.

HDMI გამომსვლელიდან მიღებული RAW საერთოდ სხვა შესაძლებლობებს იძლევა - ეს თანამშრომლობა შესაძლოა სფეროში ახალი ერის დასაწყისიც იყოს.

ყველაზე ფართოკუთხიანი ობიექტივი

DJI X7 დრონის კამერებისთვის Venus Optics-მა ახალი ფართოკუთხიანი ობიექტივი გამოუშვა. Laowa 9mm f/2.8 Zero-D ამჟამად ბაზარზე ყველაზე დიდი გაშლის კუთხის მქონე ოპტიკაა - X7-ის მფლობელებს ეს ახალ შესაძლებლობებს აძლევს. 

Laowa-ს გამოსვლამდე გაშლის ყველაზე ფართო კუთხე თავად DJI-ს მიერ წარმოებულ ობიექტივს ჰქონდა: მისი ფოკუსური მანძილი 16 მმ-ს შეადგენდა, 80°-იანი ხედვის კუთხით. Laowa-ს მონაცემები გაცილებით შთამბეჭდავია. ახალი ობიექტივის ფოკუსური მანძილი 9 მილიმეტრია, ხედვის კუთხე - 113°. აქვს საკმაოდ გახსნილი დიაფრაგმა F2.8, რაც დაბალი განათების პირობებში მუშაობის საშუალებას იძლევა.

Laowa-ს ფაქტობრივად ნულოვანი დისტორსია აქვს, რაც ამ ტიპის ობიექტივებში მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. იგი საკმაოდ მსუბუქია, მხოლოდ 210 გრამს იწონის.

მართვის მონიტორი დრონებისთვის

ამიერიდან, Mavic 2 pro და Mavic 2 zoom დრონების მფლობელებს შესაძლელობა აქვთ, ფრენისას აღარ ისარგებლონ საკუთარი ტელეფონით ან პალნშეტით, არამედ გამოიყენონ ინტეგრირებული მონიტორი.

DJI-ის მართვის პულტში ინტეგრირებულ მონიტორი არის Full HD. იგი გაცილებით უფრო კაშკაშაა, ვიდრე ნებისმიერი ტელეფონი, ან პლანშეტი, რაც მზიან ამინდში კადრის უკეთ დანახვის საშუალებას იძლევა. მონიტორი ანდროიდის სისტემისაა, გადაღებული მასალის გაზიარება აპლიკაციის საშუალებით ხდება. სრული დატენვის შემთხვევაში კონტროლერის მუშაობის ხანგრძლივობა 2.5 საათს შეადგენს.

ვირტუალური რეალობა 11K გაფართოებით

Insta 360 VR კამერების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი ლიდერია. მისი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ყოველწლიურად ტექნოლოგიების გაუმჯობესებაა. წელს, CES-ზე, მათ The Titan წარმოადგინეს. 

8 ობიექტივისგან შემდგარი კამერა Micro 4/3 სენსორებითაა აღჭურვილი. სენსორები უფრო დიდია, ვიდრე წინა მოდელში - შესაბამისად, დაბალი განათების პირობებში, უკეთესი ხარისხის მიღება ხდება შესაძლებელი. 

ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ Titan-ს 11K გაფართოებით გადაღება შეუძლია. გამოსახულების ჩასაწერად Insta ერთდროულად 9 SD ბარათს იყენებს, რაც ცოტა არაკომფორტულია. ერთი ბარათის დაზიანების შემთხვევაშიც კი მთელი მასალა გამოუსადეგარი ხდება. გამოსახულების ხარისხის ამაღლება და ტექნოლოგიური წინსვლა პირდაპირ აისახება პროდუქციის ღირებულებაზე. ტიტანის ღირებულება 15 000$ ფარგლებში იქნება, რაც მისი წინამორბედის ღირებულებაზე 3-ჯერ მეტია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები