Thumbnail

ჩინეთმა ადამიანის გენეტიკის შეცვლის მცდელობა არაკანონიერად მიიჩნია

  • შეცვლილი გენეტიკის მქონე ტყუპების დაბადება ჩინეთის მთავრობამ არაკანონიერად მიიჩნია
  • აღმოჩნდა, რომ მეცნიერმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად ეთიკის კომისიის დასკვნა გააყალბა

ჩინეთის მთავრობამ არაკანონიერად მიიჩნია მეცნიერ He Jiankui-ის საქმიანობა, რომელიც ირწმუნება, რომ შეცვლილი გენეტიკის მქონე ტყუპი გოგონების დაბადებაში მიიღო მონაწილეობა. მეცნიერის თქმით, მან ექსპერიმენტის ფარგლებში ტყუპების "დე-ენ-ემ"-ი შეცვალა, რადგან ამ გზით ადამიანები სამომავლოდ სხვადასხვა დაავადებებს უფრო მარტივად შეებრძოლებიან.

ჩინელმა გამომძიებლებმა მეცნიერის საქმიანობის კვლევის პირველი ეტაპი დაასრულეს - დასკვნის თანახმად, მეცნიერი პოპულარობის მოპოვების მიზნით არალეგალურ და არაეთიკურ საქმიანობას ეწეოდა, შესაბამისად ის ჩინეთის კანონის დარღვევისთვის „სერიოზულად დაისჯება“. 

მეცნიერმა გენეტიკის მოდიფიკაციის ექსპერიმენტი საკანონმდებლო შეზღუდვების გამო ამერიკის მაგივრად ჩინეთში ჩაატარა, თუმცა გამომძიებელთა დასკვნიდან ირკვევა, რომ მან გააყალბა ექსპერიმენტის ჩასატარებლად საჭირო ეთიკის კომისიის დასკვნა, გაყალბებული დოკუმენტით კი 2017 წლის მარტიდან 2018 წლის ნოემბრამდე გენეტიკურად შეცვლილი ემბრიონის განაყოფიერების მიზნით რვა წყვილზე გამოსცადა სხვადასხვა სამედიცინო პროცედურა, მათ შორის კი წარმატებული ერთი მცდელობა აღმოჩნდა.

ექსპერიმენტმა მსოფლიოს წამყვანი მეცნიერებისგან უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. მსგავსი ცდების ადამიანის გენეტიკაზე უარყოფითი ზეგავლენის საფრთხის გამო ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ჩინეთსა და ამერიკაში ყოველგვარი გენეტიკური მოდიფიკაცია აკრძალულია.

კომენტარები

ბოლო ამბები