Thumbnail

ფეისბუქი მოზარდების მოსაზიდად მიმების აპლიკაციას ტესტავს

  • ამჟამად LOL-ს ასამდე ამერიკელი სკოლის მოსწავლე საიდუმლოდ ტესტავს
  • ახალი სერვისის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის სხვა სოციალური ქსელებიდან გადმობირებაა

ფეისბუქი უკვე რამდენიმე თვეა მოზარდებზე გათვლილ ახალ აპლიკაციაზე - LOL-ზე მუშაობს, რომელშიც მიმები, GIF-ანიმაციები და სახალისო ვიდეორგოლები იქნება განთავსებული. ამის შესახებ TechCrunch წერს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ამჟამად LOL Beta რეჟიმში მუშაობს და მას მხოლოდ ასამდე ამერიკელი სკოლის მოსწავლე ტესტავს, რომელთაც აპლიკაციაზე დამატებითი ინფორმაციის  გამჟღავნება ეკრძალებათ.

LOL ფეისბუქის პოპულარულ გვერდებზე განთავსებულ კონტენტს ავტომატურად აგროვებს და კატეგორიებად ყოფს, მაგალითად „შენთვის“, „ცხოველები“, „პრანკები“ და ა.შ. ამის გარდა მომხმარებლებს საკუთარი ვიდეორგოლების ატვირთვაც შეეძლებათ.

ფეისბუქი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, LOL სოციალური ქსელის ნაწილი გახდება თუ ცალკეული აპლიკაციის სახით გამოვა. როგორც ჩანს, ახალი სერვისის მთავარი მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის სხვა სოციალური ქსელებიდან გადმობირებაა, რისი მცდელობაც სოციალურ ქსელს ადრეც ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვა ვერ შეძლო.
 

კომენტარები

ბოლო ამბები