Thumbnail

ვაშინგტონი Huawei-ს ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს

  • ოფიციალურმა ვაშინგტონმა Huawei-ს რამდენიმე ბრალდება წაუყენა
  • შეერთებული შტატები ჩინური კომპანიის ფინანსური დირექტორის ექსტრადიციას მოითხოვს

შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ Huawei Technologies და მის ფინანსურ დირექტორ მენ ვანჩჟოუს რამდენიმე ბრალდება წაუყენა. ოფიციალური ვაშინგტონი ჩინურ კომპანიას ბრალს საბანკო თაღლითობაში, მართლმსაჯულების აღსრულების ხელის შეშლაში და ამერიკულ კომპანია T Mobile-ის ტექნოლოგიების მოპარვაში სდებს.

Huawei-ს და მის ფინანსურ დირექტორს ბრალი შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა მეთიუ უითაკერმა წაუყენა

ბრალდებაში აღნიშნულია, რომ Huawei-მ მოიპარა T Mobile-ის ტექნოლოგიები, რომელსაც კომპანია სმარტფონების გატესტვისთვის იყენებდა. ამავე დროს, Huawei შეერთებული შტატების ხელისუფლებას და საბანკო სექტორს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა თავისი შვილობილი კომპანიების Huawei Device USA-ს და Skycom Tech-ის შესახებ, რისი მიზანიც ირანში ბიზნესის წარმოება იყო.

Huawei-ს ფინანსურ დირექტორ მენ ვანჩჟოუს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება
 

აღსანიშნავია, რომ Huawei-ს ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ, რომელიც კომპანიის დამფუძნებლის ჟენ ჩჟენფეის შვილია, ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ დეკემბერს კანადაში შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს. ვაშინგტონი მას ირანის წინაამღდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ამერიკის მთავრობის მიერ წაყენებული ბრალდებები ყველაზე სერიოზულია, რაც კი ამ დრომდე ჩინური კომპანიისთვის წაუყენებიათ. Huawei-ში აცხადებენ,რომ ამის რეალური მიზეზი ვაშინგტონსა და პეკინს შორის გართულებული ურთიერთობები და “სავაჭრო ომია”. თავის მხრივ, შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრმა უილბურ როსმა განაცხადა, რომ Huawei-ს საქმეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო ურთიერთობებთან საერთო არაფერი აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები