Thumbnail

სუპერბაქტერიები- საფრთხე, რომელიც კაცობრიობას ემუქრება

  • კვლევის მიხედვით, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება ბაქტერიების მდგრადობას ამაღლებს
  • დიდი ბრიტანეთი ანტიბიოტიკების გამოყენების შეზღუდვას გეგმავს

ყოველწლიურად ბაქტერიებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში 700 ათასამდე ადამიანი იღუპება.  თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდა, 2050 წლისთვის ბაქტერიები, რომლებსაც აქვთ უნარი გამოიმუშაონ მდგრადობა და გამძლეობა ანტიბიოტიკების მიმართ, 10 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავენ - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის დაკვეთით შესრულებულ კვლევაში.

ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათი მიღების აუცილებლობა არ არის, იწვევს სუპერბაქტერიების გაჩენას, რომლებიც უძლებენ თითქმის ყველა ანტიბიოტიკს. აქედან გამომდინარე,  ხშირად ნაკლებად საშიში დაავადებების მკურნალობა რთულდება, ანტიბიოტიკ-რეზისტენტული სუპერბაქტერიების გამო კი ათასობით ადამიანი იღუპება.როგორც კვლევამ დაადგინა, დიდ ბრიტანეთში ექიმები პაციენტებს ანტიბიოტიკებს ხშირად იმ დაავადებების წინაამღდეგ უნიშნავენ, რომლებიც არ საჭიროებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დავოსში გამართულ ფორუმზე ამ პრობლემასთან ბრძოლის გეგმაზე ისაუბრა. ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ფარმაკოლოგიური კომპანიების დაფინანსების სქემის შეცვლას. კონტროლი დაწესდება ანტიბიოტიკების გამოყენებაზეც. იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფის გამოჯანმრთელება სხვა მეთოდით არის შესაძლებელი, მას ანტიბიოტიკები აღარ უნდა დაენიშნოს. გეგმის მიხედვით დიდ ბრიტანეთში მომდევნო 5 წელიწადში ანტიბიოტიკების გამოყენება 15 პროცენტით უნდა შემცირდეს

ანტიბიოტიკ-რეზისტენტული ბაქტერია კაცობრიობისთვის უდიდესი საფრთხეა. არანაკლები საფრთხე ვიდრე ომები და გლობალური დათბობა. ამიტომ საჭიროა მას ეფექტური ზომებით დავუპირისპირდეთ - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი.

ფარმაცევტული კომპანიები ბრიტანეთის ბიუჯეტიდან თანხას იმის მიხედვით იღებენ თუ რა რაოდენობის პრეპარატები გაყიდეს. დაფინანსების ასეთი მოდელის გამო კომპანიები აქცენტს არა ახალი პრეპარატების შემუშავებაზე, არამედ უკვე არსებული ანტიბიოტიკების გაყიდვაზე აკეთებენ. ბრიტანეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ თუ ეს სქემა შეიცვლება და კომპანიები დაფინანსებას პრეპარატების ეფექტურობიდან გამომდინარე მიიღებენ, ისინი ეცდებიან ახალი, უფრო ეფექტური მედიკამენტები დაამზადონ.  

 

კომენტარები

ბოლო ამბები