Thumbnail

ელექტრო ექსკავატორი, რომლის აკუმულატორიც სამ ტონაზე მეტს იწონის

  • ნორვეგიულმა სამშენებლო კომპანია Veidekke-მ ელექტრო ექსკავატორების გამოყენება დაიწყო
  • ელექტრო ექსკავატორი 26 ტონას იწონის

სპეცტექნიკის მწარმოებელმა Caterpillar-მა და კომპანია Pon Equipment-მა 26 ტონიანი ელექტრო ექსკავატორი წარმოადგინეს, რომელიც ექსკავატორ Caterpillar 323-ის ბაზაზე შეიქმნა. პროტოტიპი ნორვეგიაში დაამზადეს და მის აწყობას 11 თვე დასჭირდა.

პროტოტიპი ნორვეგიული სამშენებლო კომპანია Veidekke-სთვის შექმნეს, რომელიც დამატებით კიდევ 8 ელექტრო ექსკავატორის შეძენას აპირებს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ მშენებლობებზე დასაქმებულებს გაცილებით უკეთესი პირობები შეექმნებათ, რადგან ელექტრო ექსკავატორი მუშაობის პროცესში ნაკლებად ხმაურიანია და ამავე დროს ჰაერს არ აბინძურებს.

ექსკავატორის გიგანტური აკუმულატორი, რომელიც 3,4 ტონას იწონის, ისეა შემუშავებული, რომ მკვეთრ რხევებს გაუძლოს. ელექტრო პროტოტიპს შეუძლია 5-7 საათი იმუშაოს. დატენვისთვის მას დაახლოებით 12 საათი სჭირდება. ექსკავატორის ძრავი პრაქტიკულად უხმოდ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ნორვეგიაში ელექტრომობილების ნამდვილი ბუმია. 2018 წელს ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების ერთი მესამედი ელექტრომობილებზე მოდიოდა. სამოქალაქო აქტივისტები ლობირებენ იდეას, რომ 2025 წლისთვის ნორვეგიაში ბენზინზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა საერთოდ აიკრძალოს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები