- ასფალტის გათბობის სისტემა -50 გრადუსამდე ყინვაშიც ეფექტურად მუშაობს
- სისტემას ფართო მასშტაბით 2021 წლამდე დანერგავენ
ზამთარში მოყინულ გზაზე ავტომობილით გადაადგილების დროს ავარიების საშიშროება საგრძნობლად მატულობს. ისრაელში დაფუძნებულმა საინჟინრო კომპანია SAN Hitech-მა შექმნა ასფალტის გათბობის სისტემა, რომელიც ზამთარში გზას მოყინვისგან იცავს.
“როგორც კი მანქანები მოყინულ გზაზე იწყებენ მოძრაობა ავარიის საშიშროება იზრდება. ჩვენი გამოგონება მსგავსი ინციდენტების პრევენციის საუკეთესო საშუალება იქნება." - იონათან ელიმელქი, SAN Hitech
გამათბობელი ლითონის ბადე ახალ გზებზე ასფალტის დაგებამდე განთავსდება, თუმცა შესაძლებელია სისტემის უკვე არსებულ გზებში ჩაშენებაც. სისტემის სენსორი ტემპერატურის ცვლილებაზე რეაგირებს, თოვლის დაფიქსირების შემთხვევაში კი გათბობა ავტომატურად აქტიურდება.
კომპანია აწარმოებს 25 მილიმეტრი სისქის ლითონის შენადნობიან ელემენტებს, რომლებიც დენის გატარების დროს ელვისებური სისწრაფით ცხელდება. სისტემა გზაზე ყინულს -50 გრადუსამდე ყინვაშიც კი წარმატებით ადნობს.
ტექნოლოგია უკვე გამოსცადეს კანადაში, ნაკლებად დატვირთულ გზებზე, საპარკინგე სივრცეებსა და სპორტულ მოედნებზე. კომპანია სისტემის ფართო მასშტაბით დანერგვას მომდევნო 3 წლის განმავლობაში გეგმავს.
კომენტარები