Thumbnail

ტრადიციულ საფრენ აპარატებს ელექტრო თვითმფრინავებად გადააკეთებენ

  • სტარტაპი Ampaire თვითმფრინავების ელექტრო ძრავებით აღჭურვას გეგმავს
  • Ampaire-ში აცხადებენ, რომ რეგიონალური ავიაკომპანიებისთვის ელექტრო თვითმფრინავი იდეალური ტრანსპორტი გახდება

2021 წლისთვის ჰავაის სხვადასხვა კუნძულებს შორის რეისების შესრულება ელექტრო თვითმფრინავით იქნება შესაძლებელი. ასეთია სტარტაპ Ampaire-ის გეგმა, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტურ ავიაკომპანია Mokulele Airlines-თან ერთად დაიწყო. ეს ავიაკომპანია რეისებს მხოლოდ ჰავაის შტატის ტერიტორიაზე, მოკლე მანძილებზე ასრულებს. თვითმფრინავი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ ერთი კუნძულიდან მეორეზე მოხვდეთ.

Ampaire-ს გაცილებით უფრო მარტივი გეგმა აქვს, ვიდრე სხვა კომპანიებს, რომლებიც ელექტროავიაციით არიან დაკავებული. კომპანიის დირექტორის კევინ ნორტკერის განცხადებით:

ახალი ელექტრო თვითმფრინავის ნულიდან დაპროექტებას და აწყობას დაახლოებით 10 წელი და  200 მილიონი დოლარი სჭირდება. ჩვენი მიზანია პრაქტიკული და მიმზიდველი პროდუქტის შექმნა, რომელიც ეფექტურ შედეგს მოკლე დროში მოიტანს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ ახალი თვითმფრინავის აწყობას, არამედ უკვე არსებული თვიმფრინავების გადაკეთება გვსურს.

Ampaire-ში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის გადაკეთებას არა ასობით მილიონი, არამედ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი სჭირდება. ელექტროძრავის დამონტაჟების შემდეგ ავიაკომპანიის საწვავის ხარჯი 75 და 90 პროცენტამდე შემცირდება. 25-დან 50 პროცენტამდე შემცირდება ტექნიკური მომსახურების ხარჯები. სტარტაპის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ელექტრო თვითმფრინავი მომავალში რეგიონალური ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც მოკლე რეისებს ასრულებენ, იდეალური ტრანსპორტი იქნება.

პირველი თვითმფრინავი, რომელსაც Ampaire ელექტრო ვერსიად გადააკეთებს მცირე ზომის Cessna იქნება. წარმატების შემთხვევაში სტარტაპი Mokulele Airlines-ის სხვა საფრენი აპარატების გადაკეთებას დაიწყებს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები