Thumbnail

ბრიტანელმა კონსტრუქტორებმა წყალბადზე მომუშავე მატარებელი შექმნეს

  • კომპანია Vivirail-მა წყალბადზე მომუშავე მატარებლის გამოცდა დაიწყო
  • მატარებელი მგზავრების გადაყვანას 2019 წლის ბოლოს დაიწყებს

ბრიტანელმა კონსტრუქტორებმა წყალბადზე მომუშავე სამგზავრო მატარებელი შექმნეს, რომელიც ამჟამად ტესტირების რეჟიმშია. მატარებელი შედგება ორი ლოკომოტივისგან, რომლის აკუმულატორებიც გერმანულმა კომპანია Hoppecke-მ დაამზადა და ორი ვაგონისგან. მგზავრებისთვის დისკომფორტის ასარიდებლად კონსტრუქტორებმა გადაწყვიტეს  წყალბადის ავზების ვაგონების ქვედა ნაწილში განთავსება.

წყალბადის სავსე ავზით მატარებელს 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია და ენერგიის მარაგს დამუხრუჭების რეკუპერატიული სისტემით აღადგენს. პროექტზე კომპანია Vivirail მუშაობს, რომლის წარმომადგენლის განცხადებით წლის ბოლოსთვის ტესტირების რეჟიმი დასრულდება და წყალბადზე მომუშავე მატარებლით მგზავრების გადაყვანა დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობას სურს 2040 წლისთვის დიზელის მატარებლების გამოყენებაზე საბოლოოდ უარი თქვას. სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემცირებას შეუწყობს ხელს, ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყო.

პირველი წყალბადის მატარებელი, რომელიც ფრანგულმა კომპანია Alstom-მა დაამზადა, 2018 წლის შემოდგომიდან გერმანიაში, ქვემო საქსონიის ოთხ ქალაქს შორის მოძრაობს. წყალბადზე მომუშავე მატარებლის დამზადება დიზელის მატარებელზე ძვირი ჯდება, თუმცა მისი ექსპლოატაცია უფრო იაფია. ამასთან ერთად, წყალბადის მატარებელი გარემოს ზიანს არ აყენებს, რადგან მავნე გამონაბოლქვი არ აქვს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები