Thumbnail

გლობალური დათბობის გამო ჰიმალაის მყინვარების მესამედი გაქრება

  • თუ დედამიწის ტემპერატურა ერთნახევარი გრადუსით მოიმატებს, ჰიმალაის მყინვარების მესამედი დადნება
  • მყინვარების დადნობა რეგიონში ეკოლოგიურ კატაკლიზმებს გამოიწვევს 

კვლევის მიხედვით, რომელიც მთიანი რეგიონების კომპლექსური განვითარების ცენტრმა მოამზადა, გლობალური დათბობის გამო ჰიმალაის რეგიონს უდიდესი საფრთხე ემუქრება. მეცნიერების შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ დედამიწის ტემპერატურა ერთნახევარი გრადუსით მოიმატებს, ჰიმალაის რეგიონის მყინვარების 36 პროცენტი დადნება. ჰინდუქუშის მთათა სისტემამ, რომელიც ავღანეთის და პაკისტანის ტერიტორიაზე მდებარეობს, მეოცე საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული უკვე დაკარგა მყინვარების 15 პროცენტი. 

კლიმატოლოგების უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდის პროცესი გაგრძელდება. მეცნიერების შეფასებით, პლანეტის ყველაზე მაღალმთიანი რეგიონი მყინვარების მესამედს 2100 წლისთვის დაკარგავს. კვლევის მიხედვით, თუ ტემპერატურად დედამიწაზე 4-5 გრადუსით აიწევს, ჰიმალაებში ყინულის მასის ორი მესამედი გაქრება. კვლევაზე მუშაობა 5 წელი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობას 200-მდე მეცნიერი იღებდა

ჰიმალაის რეგიონში 53 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჰიმალაიდან იღებს სათავეს აზიის რამდენიმე უდიდესი მდინარე, მათ შორის ინდი და განგი. ჰიმალაის მთათა სისტემიდან  მიეწოდება სასმელი წყალი ინდოეთის, პაკისტანის, ბანგლადეშის და ნეპალის მოსახლეობას. კვლევის თანახმად, გლობალური დათბობა რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მათი  ცხოვრების პირობებზე უარყოფითად იმოქმედებს. ასევე მძიმე დარტყმა მიადგება ამ სახელმწიფოების ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას და ტურიზმის სფეროს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები