Thumbnail

Boeing ზებგერითი თვითმფრინავის შექმნის პროექტში ჩაერთო

  • ზებგერითი თვითმფრინავი AS 2 სტარტაპ Aerion-ის პროექტია, რომელშიც კიდევ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს
  • ბიზნეს ჯეტის გამოშვების თარიღად 2023 წელს ასახელებენ

სტარტაპ Aerion-ის ზებგერითი თვითმფრინავის პროექტს  ავიაგიგანტი Boeing შეუერთდა. სტარტაპმა ბიზნეს ჯეტის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე კომპანიასთან ერთად ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. Boeing-ის თანამონაწილეობით  პროექტს სერიოზული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა ექნება. Boeing NeXt-ის ვიცე-პრეზიდენტის სტივ ნორდლუნდის განცხადებით:

Aerion-ს  ზებგერით ტექნოლოგიებზე მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. ამას თუ დავუმატებთ Boeing-ის მოღვაწეობას კომერციული ავიაციის სფეროში, ვფიქრობ წარმატებულ პარტნიორობას მივიღებთ. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც მომავალში ზებგერითი თვითმფრინავის საიმედო და უსაფრთხო ფრენების განხორციელების გარანტი იქნება.

AS2-ს განსაკუთრებული აეროდინამიკური კონსტრუქცია ექნება, რომელიც ფრენის დროს ხმაურს არ გამოიწვევს. სწორედ ძლიერი ხმაური იყო მიზეზი, რის გამოც 2003 წლიდან ზებგერით თვითმფრინავებს ავიაციაში აღარ იყენებენ.

Aerion-ში იმედი აქვთ, რომ პროექტში Boeing-ის ჩართულობა ბიზნეს ჯეტის დამზადების პროცესს დააჩქარებს. სტარტაპი AS 2-ის გამოშვების თარიღად 2023 წელს ასახელებს. ზებგერითი თვითმფრინავის პროექტზე კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს. ანალიტიკოსების შეფასებით, 2025 წლისთვის ზებგერითი თვითმფრინავები წელიწადში 13 მილიონ მგზავრს გადაიყვანენ.

ასევე ნახეთ: Lockheed Martin ექსპერიმენტული ზებგერითი თვითმფრინავის შექმნაზე მუშაობს

კომენტარები

ბოლო ამბები