Thumbnail

General Motors-ის ეპოქალური გადაწყვეტილება

  • GM-ის მიერ წარმოებული ყველა ავტომობილი ელექტრო იქნება
  • კომპანია მოგებაზე გასვლას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში გეგმავს

General Motors-ის გენერალურმა დირექტორმა მერი ბარამ ინვესტორებს ეპოქალური გადაწყვეტილების შესახებ ამცნო. კომპანია მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. ბიზნესის ტრანსფორმაციის დროს კომპანია მოგებას ვერ მიიღებს. ამ ფაქტორმა GM-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედა. General Motors-ში ფიქრობენ, რომ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლის შემდეგ კომპანია მოგებას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში, შემდეგი ათწლეულის პირველ ნახევარში მიიღებს.

ავტომწარმოებლები ელექტრომობილების სეგმენტის განვითარების მიზნით დიდ ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ. კომპანიებისთვის  მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ჩადებული ინვესტიციების უკან დაბრუნება. Tesla-მ, რომელიც რამდენიმე წელი ფაქტობრივად წაგებაზე მუშაობდა, ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში შეძლო. ანალიტიკოსების შეფასებით, ისეთი ავტოგიგანტების, როგორიც General Motors, Volskwagen და Daimler AG ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლა ავტოინდუსტრიის ამ სეგმენტს დამატებით იმპულსს და პერსპექტივას შესძენს.

წლის დასაწყისში General Motors-მა უკვე დააანონსა, რომ Cadillac მისი მთავარი ელექტრო ბრენდი გახდება. კომპანიის პირველი ელექტრო მოდელი ქროსოვერი იქნება, რომელსაც Tesla Model X-ის კონკურენტად მოიაზრებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები