Thumbnail

რუსეთი ინტერნეტ ქსელიდან გამოთიშვას გეგმავს

  • რუსეთი ინტერნეტის გლობალურ ქსელს თავდაპირველად საცდელად ეთიშება
  • შესაძლოა რუსეთში ჩინეთის მსგავსი ინტერნეტის ცენზურის პოლიტიკა ამოქმედდეს

“სამომავლოდ დაგეგმილი კიბერ-ომისთვის მოსამზადებლად”  რუსეთი გეგმავს, გლობალურ ინტერნეტ ქსელს დროებით გამოეთიშოს. ამის შესახებ BBC წერს.

ქსელიდან გათიშვის პეროდში რუსეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის გაცვლილი მონაცემები ქვეყნის ფარგლებს არ გაცდება. რუსეთის პარლამენტში შესაბამისი კანონი, რომელიც აღნიშნულს ტექნიკურად შესაძლებელს გახდიდა, გასულ წელს წარადგინეს. 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, "გარე ძალების ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში" რუსეთში მოქმედ ყველა ინტერნეტ პროვაიდერს მოეთხოვება, შეძლოს ქვეყნის ონლაინ იზოლაცია. ინტერნეტ პროვაიდერები ინფრასტრუქტურის შესაცვლელად საჭირო თანხებს რუსეთის მთავრობისგან მიიღებენ. ქსელის პირველი საცდელი გათიშვა სავარაუდოდ პირველ აპრილამდე მოხდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი ამ გზით ნიადაგს ჩინეთის მსგავსი მასობრივი ინტერნეტ ცენზურის სისტემის ჩამოსაყალიბებლად ქმნის. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ რუსეთი შეძლებს გააკონტროლოს, რა ტიპის ინფორმაციას იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქე რუსეთიდან, ისევე როგორც დააწესოს ცენზურა უცხო ქვეყნიდან რუსეთში შემოსულ ინფორმაციაზე.

ის, რომ რუსეთში ხელისუფლების  მიერ მიზანმიმართულად წარმართული ინტერნეტ-ცენზურის პოლიტიკა  არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში თუ რეიტინგებშიც აისახება. 2018 წელს ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ შედგენილ რეიტინგის თანახმად რუსეთს ინტერნეტის თავისუფლების ხარისხით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა. 65 ქვეყანას შორის რუსეთი 53 ადგილზე გავიდა და მხოლოდ ისეთ ქვეყნებს გაუსწრო, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, სირია და ეთიოპია.

კომენტარები

ბოლო ამბები