Thumbnail

მწერებს გადაშენება ემუქრებათ

  • მეცნიერების შეფასებით მწერების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება
  • მწერების რაოდენობის შემცირების მთავარ მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება

მწერების დაახლოებით 25 პროცენტს უახლოეს მომავალში გადაშენება ემუქრება. 100 წელიწადში კი დედამიწაზე მწერები შესაძლოა საერთოდ გაქრნენ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სიდნეის და ქვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერები მწერების შესახებ გამოქვეყნებული ათობით სამეცნიერო ნაშრომის შესწავლის შემდეგ. მწერების პოპულაცია წელიწადში 2,5 %-ით მცირდება, რაც მკვლევარების შეფასებით, კატასტროფული მაჩვენებელია.

თუ მწერების გადაშენების პროცესს არ შევაჩერებთ, ამას კაცობრიობისთვის კატასტროფული შედეგი მოყვება. 2,5 %-ით შემცირება ნიშნავს, რომ 10 წელიწადში დედამიწაზე მეოთხედით ნაკლები მწერები იქნებიან, 50 წელიწადში მათი რაოდენობა განახევრდება, 100 წლის შემდეგ კი სრული გადაშენება დაემუქრებათ- ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანსისკო სანჩეს-ბაიო.

მწერების რაოდენობის შემცირება ადამიანის საქმიანობას უკავშირდება.ძირითადი მიზეზებია: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიის ფართობის ზრდა, შხამ-ქიმიკატებით და პესტიციდებით გარემოს დაბინძურება, კლიმატის ცვლილება. ბოლო ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტროპიკული რეგიონებისათვის.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ მწერების გადაშენება ჯაჭვურ რექციას გამოიწვევს. ფრინველების და რეპტილიების ასობით სახეობას, რომლებიც მწერებით იკვებებიან, ასევე გადაშენება დაემუქრება.მწერების გაქრობით დაიწყება მცენარეთა სახეობების გადაშენებაც, რადგან მწერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცენარეთა დამტვერვაში. მეცნიერების განცხადებით იმისათვის, რომ სიტუცია აპოკალიფსურ სცენარამდე არ მივიდეს, პირველ რიგში საჭიროა პესტიციდების გამოყენების მკვეთრად შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები