Thumbnail

დიდი ევოლუცია - 2018 წელს გამოსული ვიდეოკამერების მიმოხილვა

კახა მშვიდობაძე პროფილის ფოტო
კახა მშვიდობაძე

გასული წელი განსაკუთრებულად საინტერესო იყო. დიდმა კომპანიებმა ვიდეოპროდუქციის შექმნის მიმართულებით ბევრი სიახლე შემოგვთავაზეს. ამ შემთხვევაში მეტწილად ვიდეოკამერებს ვგულისხმობ და განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, რთულად გავიხსენებთ დროის მონაკვეთს, რომ ერთბაშად ამდენი სიახლე გამოჩენილიყო ბაზარზე. განსაკუთრებით ეს ითქმის cinematic look კამერებზე. 2018 წელს გამოსული კამერები განსაზღვრავენ კინო/ტელე/ინტერნეტ გამოსახულების  ხარისხს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

ბოლო რამდენიმე წელიწადია, გამოსახულების ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება. სწრაფი პროგრესის მიზეზი სავარაუდოდ სარკული ფოტოაპარატებით ვიდეოს გადაღების შესაძლებლობამ გააჩინა. ერთ-ერთმა პირველმა, კამერა Canon 5D mark II-მა მოგვცა შესაძლებლობა, რომ cinematic look მიგვეღო ძალზე მარტივად, ობიექტივების,  მატრიცის სრული ზომის და ახალი კოდეკების ხარჯზე. 

Canon-ის წარმატება გადამდები გამოდგა. მას მხარი სხვა კომპანიებმაც აუბეს. დიდი მწარმოებლები იძულებულები გახდნენ, სწრაფი და მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, გამოსახულების ხარისხი და კამერის შესაძლებლობები გაეუმჯობესებინათ. გაჩნდა ახალი სეგმენტები, ბაზარზე  გამოჩდნენ ახალი მოთამაშეები, რომლებსაც აქამდე ვიდეოკამერების წარმოებასთან შეხება არ ჰქონდათ. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი პროგრესი გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესების პირდაპირპროპორციულია. გუშინ SD იყო სტანდარტი, დღეს სტანდარტი FullHD/4K-ია და არც 8K არის შორს. 

ბოლო წლების განმავლობაში მწარმოებლებმა ბევრი კამერა გამოუშვეს, წლევანდელი წელი, ვფიქრობ, გამორჩეულია არა თავისი რევოლუციური მიდგომებით, არამედ -  ევოლუციის სისწრაფით. თქვენი ყურადღების შეჩერება რამდენიმე გამორჩეულ მოდელზე მინდა.

Arri Alexa LF

Classic Alexa-ს წარმატება განვითარებისა და გაუმჯობესების უწყვეტმა პროცესმა განაპირობა. იხვეწებოდა ტექნოლოგიები და ფორმატები, ჩნდებოდა მეტი შესაძლებლობა. Arri-მ გადაწყვიტა თავისი ყველაზე წარმატებული მოდელები (Arri-D21, Alexa Classic, Alexa SXT, Alexa Mini...) კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აეყვანა და 2018 წელს გამოუშვა ფართოფორმატიანი Alexa LF. 

კამერა აღჭურვილია ARRI ALEV III (A2X) CMOS სენსორით (36.7 x 25.54 მმ), გამოსახულების რეზოლუცია არის 4.5K, ჩაწერა შესაძლებელია ARRIRAW (.ari) და ProRes-ის სხვადასხვა ფორმატებში. Slow Motion-ის საჭიროებისას კამერა 150კწ (fps)-ით გადაღების შესაძლებლობას იძლევა. იგი ასევე აქტიურად გამოიყენება HDR გამოსახულების შესაქმენლად. Arri ამჟამად მსოფლიო მაშტაბით Alexa LF-ის აქტიურ პრომოუშენს ეწევა და ამას საკმაოდ დიდი წარმატებით აკეთებს.

ეს კამერა ძირითადად კინო და მაღალბიუჯეტიან სარეკლამო/მუსიკალური პროექტებისთვის არის შექმნილი.

Canon C700 FF

წელს Canon-მა პირველი სრულ ფორმატიანი (Full Frame) კინოკამერა გამოუშვა. გაზრდილია მატრიცის ზომა (38.1x20.1მმ), რაც ნიშნავს, რომ Canon Log2-ში ან RAW-ში გადაღების შემთხვევაში, 15-ნაბიჯიან დინამიურ დიაპაზონს იძლევა, ეს სხვადასხვა ტიპის XF-AVC და ProRes  ფორმატების გამოყენებასაც გულისხმობს. გარე რეკორდერზე ჩაწერის შემთხვევაში, შესაძლებელია RAW-ში გადაღებაც. გაზრდილია კადრის გაფართოებაც (5.7K, ეფექტური 5952 x 3140 pixels - 17:9 aspect ratio). Slow Motion-ის საჭიროების შემთვევაში გადაღების წარმოება მხოლოდ 2K-ში და 168კწ-ით (fps) არის შესაძლებელი. C700 FF-ს კარგია HDR-ში მუშაობისას. 

Arri Alexa LF-ის მსგავსად, ეს კამერაც ძირითადად კინოსა და მაღალბიუჯეტიან სარეკლამო/მუსიკალური პროექტებისთვის არის შექმნილი.

Panasonic EVA1

ვიდეოგრაფების წრეში არასარკული GH5 თავისი მოდიფიკაციებით საკმაოდ წარმატებული, მცირებიუჯეტიანი და პოპულარული კამერაა. ამ კამერას ბევრი კომპანია თუ დამოუკიდებელი ვიდეომწარმოებელი იყენებს. 

ბრენდისადმი ლოიალურობის შენარჩუნება აქამდე რთული იყო. GH5-ის საშუალო ფასი 3000$ აღწევს, კლასით უფრო მაღალი მოდელი, რომელსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობდა, 15 000$ ღირდა. Panasonic სწორედ აქ აგებდა, მას არ ჰქონდა მოდელი, რომელიც Canon-ს და Sony-ს საშუალო სეგმენტში გაუწევდა კონკურენციას.

Panasoniс-ის მხრიდან Eva1-ის გამოშვება ცოტა დაგვიანებული გამოდგა. ამის მიუხედავად, ის მაინც იმკვიდრებს ადგილს ბაზარზე. კამერა 2017 წლის ოქტომბერში დაანონსდა, თუმცა სერიული გამოშვება 2018 წლიდან დაიწყო. კმაყოფილება პირველივე ტესტებს მოჰყვა. 

Super 35მმ სენსორით აღჭურვილი კამერა საკმაოდ შუქმგრძნობიარეა, აქვს 5.7K რეზოლუცია, გარე ჩამწერზე RAW-ში გადაღების შესაძლებლობა, Slow motion - 240კწ (fps) 2K-ში გადაღების შემთხვევაში. Panasonic-ის ცნობილი ფერთა სისტემით EVA1 Varicam-ებსა და GH5-ს შორის დამკვიდრდა.  

კამერა მეტწილად განკუთვნილია როგორც პროდაქშენ კომპანიებისთვის, რომლების ძირითადი მიმართულებაა საშუალო და მცირებიუჯეტიანი პროექტები, ასევე -  დამოუკიდებელი ვიდეოგრაფებისთვის.

Sony FS5 M2

Sony FS5-ის პირველი მოდელი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კამერას კარგი slow motion აქვს, იძლევა ფართო არჩევანის საშუალებას 100fps-დან 800fps-მდე, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოსახულების ხარისხის ხარჯზე. ამ ყველაფერს Sony გვთავაზობდა შეზღუდული დროით, Slow motion-ში გადაღება შესაძლებელი იყო მხოლოდ 8 წამის განმავლობაში.

SONY FS5 M2-ში ამ მხრივ შეიტანეს მცირე ცვლილებები და ახლა 100fps-ით გადაღება შესაძლებელია უწყვეტ რეჟიმში (აქამდე ეს მხოლოდ ფასიან upgrade ვერსიაში იყო შესაძლებელი). კამერა აღჭურვილია შემდეგი თაობის Supper 35მმ ზომის მატრიცით.  ასევე დაამატეს Sony Venice-ის picture profile, რომელშიც გამოიყენება იგივე ფერების აღქმის სისტემა, რომელიც venice-ში, ამით მიიღწევა უკეთესი Skin Tones და გამოსახულებაც უფრო cinematic look არის. სამწუხაროდ, ამ PP-ის დამატება პირველ ვერსიაში შეუძლებელია. სხვა დანარჩენი ფაქტობრივად იგივე დარჩა, რაც პირველ ვერსიაში.

მას ხშირად იყენებენ საშუალო და მცირებიუჯეტიანი დოკუმენტური ფილმების გადასაღებად, ასევე - როგორც B კამერას Sony FS7-სთვის.

Blackmagic Design Pocket Cinema Camera 4K

BMDPCC 4K NAB 2018-ზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სადაც მან თავისი წინამორბედი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ, არცთუ ისე კარგი კამერა გამოდგა. თავისი დაბალი ფასით (1300$) და ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებით იგი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი კამერაა. მას შეუძლია 12 bit  RAW-ის და კიდევ ბევრი სხვა მაღალი ხარისხის ფორმატით ჩაწერა, რომლებსაც მასზე 7-8ჯერ უფრო ძვირადღირებული კამერებიც ვერ გვთავაზობენ.

კამერა აღჭურვილია 4/3"-ზომის HDR სენსორით, 4K რეზოლუციით. ობიექტივების სამაგრად გამოიყენება MFT.  Slow motion-ის შემთხვევაში აქვს 120კწ, როგორც კამერების უმრავლესობას, ამასაც მხოლოდ Full HD  რეჟიმში. გამოსახულების ჩასაწერად ბარათების ორ, SD და CF სლოტს იყენებს.

Blackmagic კარგი ინსტრუმენტია მისთვის, ვისაც RAW ფაილებთან მუშაობა სურს და მისი ძირითადი მომხმარებლები სავარაუდოდ ვიდეოგრაფები იქნებიან.

არასარკული კამერები


სიახლეებით გამოირჩა არასარკული (mirrorless) ფოტოკამერები, სადაც Canon-მა თავისი პირველი სრულფორმატიანი კამერა Canon Eos R წარადგინა. ეს კამერა ისეთივე წარმატებული ვერ გამოდგა, როგორიც თავის დროზე 5D mark II იყო. როგორც ბლოგერები ამბობენ, ის შესაძლებელია B კამერად გამოიყენონ C სერიის კამერებისთვის.  

Sony-მ A7 III გამოუშვა. მართალია, ყველა ელოდებოდა Sony-ს ფლაგმანის A7s II-ის გაუმჯობესებულ ვერსიას, თუმცა როგორც ჩანს, კომპანმია ამას წელს გააკეთებს. Sony A7 III მალევე იქცა ბაზრის ლიდერად. ონლაინმაღაზიებში გამოჩენისთანავე იყიდებოდა, მარაგი მალევე მთავრდებოდა. 

Panasonic-მა 2018 წელს ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული კამერის, Lumix DC-GH5-ის შემდგომი მოდელი - GH5S გამოუშვა. ის საკმაოდ პოპულარულია ვიდეოგრაფერებში, თუმცა მისი მატრიცის ზომა, სხვა კომპანიების კამერებთან შედარებით, პატარაა და მხოლოდ 17.3 x 13 მმ შეადგენს. იაპონურმა მწარმოებელმა 2019 ხმაურიანად დაიწყო და ორი ახალი სრულფორმატიანი კამერა - LUMIX S1 და LUMIX S1R გამოუშვა.

ასევე საინტერესოა ახალი სრულფორმატიანი კამერები - Nikon Z6 და Z7. კომპანიამ გადადგა ძალიან თამამი ნაბიჯი და HDMI გამომსვლელიდან RAW მასალის მიღება დაანონსა. ამით მათ  Atomos-ის მხრიდან HDMI-დან RAW-ის ჩაწერის მზადყოფნას უპასუხეს. მოსალოდნელია, რომ Nikon Z6 და Atomos V-ს ტანდემი არასარკული კამერების სეგმენტში ყველაზე მძლავრი კომბინაცია აღმოჩნდეს.

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, 2019 სიახლეების მხრივ ალბათ გაცილებით მშვიდი იქნება. მართალია, წლის დასაწყისში არასარკულ სეგმენტში რამდენიმე კამერა უკვე დაანონსდა (Canon RP, Fujifilm XT30, Lumix S1 და S1R), მაგრამ აქცენტი უფრო დამატებით აქსესუარებზე კეთდება. აპრილში, NAB 2019-ზე, ხმაურიან სიახლეებს Sony-სგან უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები