Thumbnail

Facebook-ი აცრების საწინააღმდეგო ინფორმაციის შეზღუდვის გზებზე მსჯელობს

  • Facebook-ი აცრების საწინააღმდეგო ინფორმაციის დაბლოკვას განიხილავს
  • Facebook-ს და Google-ს ამერიკის კონგრესის წარმომადგენელმა წერილით მიმართა

Facebook-ი პლატფორმაზე აცრების საწინააღმდეგო ინფორმაციის შეზღუდვის შესაძლო გზებს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გასულ თვეებში განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით პლატფორმაზე აცრების საწინააღმდეგო პოსტებსა და კამპანიებს, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა ვაშინგტონში გავრცელებულ წითელას ეპიდემიასთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელმა, ადამ შიფმა Facebook-სა და Google-ს წერილით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ პლატფორმებზე გავრცელებული პოსტები შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ადამ შიფს მაგალითად The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია მოჰყავს, რომლის თანახმად Facebook-ი ადასტურებდა და უშვებდა რეკლამებს აცრების საწინააღმდეგო ჯგუფებისგან. 

“ინფორმაციის, თუნდაც მცდარის, მუდმივად გამეორება ხშირ შემთხვევაში მისი სისწორის ილუზიას ქმნის.” - ადამ შიფი

Facebook-ზე განთავსებული აცრების საწინააღმდეგო რეკლამა

Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, პრობლემის მოგვარების შესაძლო გზებს, მათ შორის მსგავსი ტიპის კონტენტის მომხმარებლებისთვის შეთავაზების შეწყვეტას განიხილავენ. Google-მა გასულ თვეს განაცხადა, რომ YouTube შეზღუდავდა “საზოგადოების შეცდომაში შემყვანი”, მათ შორის აცრების საწინააღმდეგო ვიდეოებისთვის რეკომენდაციის გაწევას. 

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევის თანახმად, აცრა დაავადებებისგან თავდაცვისთვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა მინიმალური გვერდითი მოვლენებით, აცრაზე უარის თქმა კი არამარტო აუცრელ ბავშვებს, არამედ მათ გარშემომყოფებსაც სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები