Thumbnail

სამსუნგმა Galaxy S10 და S10 Plus ოფიციალურად წარადგინა

  • სამსუნგის Galaxy სერიის 3 ახალი მოდელი გამოვა
  • ტელეფონების ფასი 745 დოლარიდან იწყება

სამსუნგმა Galaxy სმარტფონების სერიის მე-10 გამოშვების ახალი მოდელები, Galaxy S10 და Galaxy S10 Plus წარადგინა. ტრადიციულად, სამსუნგი ყოველ ახალ მოდელში თითოეულ კომპონენტს აუმჯობესებს, შესაბამისად ახალი მოდელები წინამორბედებისგან განსხვავებით ამჯერადაც უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებულია, როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად.
 
Galaxy S10-თან და S10 Plus-თან ერთად სმარტფონის შედარებით დაბალბიუჯეტური ვერსია, Galaxy S10E-ც გამოვა, რომელიც S10-თან და S10 Plus-თან შედარებით ზომით უფრო პატარაა და არ აქვს რამდენიმე განახლებული ფუნქცია. 
 
S10-ს და S10 Plus-ს ერთნაირი კამერები აქვს. 12 მეგაპიქსელიანი სამმაგი კამერით ფოტოების გადაღება wide, super wide და telephoto რეჟიმებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ვიდეოს, ტელეფონებს 4K UDR 10+ მხარდაჭერა აქვს, ისევე როგორც “super steady video”-ს რეჟიმი, რომლის დახმარებით უფრო სტაბილური ვიდეოების გადაღება არის შესაძლებელი.
 
S10 3400 მილიამპერიანი ელემენტით არის აღჭურვილი, S10 Plus-ის ელემენტის მოცულობა კი 4100 მილიამპერია. ორივე მოდელს აქვს კაბელით და უკაბელოდ სწრაფი დატენვის ფუნქცია. ასევე, ტელეფონებით შესაძლებელია სხვა მოწყობილობის, მათ შორის ახალი უკაბელო ყურსასმენების, Galaxy Buds-ის დატენვაც, რომელიც ღონისძიებაზე Galaxy S10-თან ერთად წარადგინეს. ყურსასმენი დატენვის გარეშე 5-6 საათის განმავლობაში მუშაობს.

Samsung Galaxy S10E-ს საწყისი ფასი 749.99 დოლარია, S10-ის ფასი 899.99 დოლარიდან იწყება, S10 Plus-ის კი 999.99 დოლარიდან. სამივე ტელეფონის წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია, ხოლო ოფიციალურად სმარტფონები 8 მარტიდან გაიყიდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები