Thumbnail

Amazon-ის დამაარსებელი კოსმოსში პილოტირებულ მისიას გაუშვებს

  • ჯეფ ბეზოსის კომპანია ხომალდ New Shepard-ს პილოტირებული მისიისთვის ამზადებს
  • კოსმოსური ხომალდის გამოცდა ტეხასში მიმდინარეობს

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის  კომპანია ტურისტებს კოსმოსში წელს გაუშვებს. ამის შესახებ ჯეფ ბეზოსმა SpaceNews-თან ინტერვიუში განაცხადა. კომპანია Blue Origin პილოტირებული მისიისთვის კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ს ამზადებს.

New Shepard  მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი და რაკეტაა, რომელზე მუშაობაც 2006 წელს დაიწყო. რაკეტის გამოსაცდელად სასტარტო კომპლექსი ტეხასში ააგეს.  ამ ეტაპზე ადამიანები საცდელ ფრენებში არ მონაწილეობენ და მათ ფუნქციას მანეკენი Skywalker ითავსებს. ბეზოსის განცხადებით, მუშაობის პროცესში ყველაზე რთული სრულყოფილი ავარიული სისტემის შემუშავებაა. Blue Origin-ის ინჟინრები ცდილობენ ისეთი ტექნოლოგია შექმნან, რომელიც ეკიპაჟს საშუალებას მისცემს საჭიროების შემთხვევაში ევაკუაცია ფრენის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს.

კოსმოსური ხომალდი New Shepard
 

ბეზოსმა აღნიშნა, რომ Blue Origin-ში ყოველწლიურად პირადი დანაზოგიდან ერთ მილიარდ დოლარს ჩადებს. ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ New Shepard პირველ ტურისტებს კოსმოსში 2019 წელს გაიყვანს.

მე  მუდმივად ვეუბნები ჩვენ გუნდს: დაიმახსოვრეთ ეს შეჯიბრი არ არის. არ უნდა ვიჩქაროთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ წელს კოსმოსში პილოტირებული მისიის შესრულებას. მაგრამ ზუსტი თარიღის დასახელება ნამდვილად არ ღირს. მისია შესრულდება მაშინ, როდესაც ამისთვის ყველაფერი მზად იქნება.

Amazon-ის დამაარსებელი  ჯეფ ბეზოსი 2018 წლის მარტში Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა, რომლის ქონებაც 112 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბეზოსმა Amazon 1994 წელს დააარსა, მოგვიანებით კი ბიზნესის გაფართოებას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი პროექტიც Blue Origin გახდა. აეროკოსმოსური კომპანია 2000 წელს კოსმოსური ტურიზმის განვითარების მიზნით შეიქმნა.

კოსმოსური ხომალდი SpaceShipTwo 


ბეზოსის კომპანიის კონკურენტი კიდევ ერთი მილიარდელის - რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic-ია, რომელიც ტურისტების კოსმოსში გადაყვანას 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს. კოსმოსური აპარატ SpaceShipTwo-ით ორ საათიანი ფრენის ღირებულება, რომლის დროსაც მგზავრები უწონადობას გამოცდიან და  დედამიწას 100 კილომეტრის სიმაღლიდან დაინახავენ, 250 ათასი დოლარია. ფასის მიუხედავად კოსმოსური მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. Virgin Galactic-მა უკვე გაყიდა რამდენიმე ასეული ბილეთი.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები