Thumbnail

ჩინეთის შემდეგ მთვარეზე კოსმოსურ მისიას ისრაელი აგზავნის

  • ისრაელი მეოთხე სახელმწიფოა, რომლის კოსმოსური აპარატი მთვარეზე დაჯდება
  • მთვარემავალი Beresheet დედამიწის თანამგზავრზე ორ თვეში უნდა დაჯდეს

ისრაელი საბჭოთა კავშირის, შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ მეოთხე სახელმწიფო იქნება, რომლის კოსმოსური აპარატიც მთვარის ზედაპირზე დაჯდება. პროექტში მხოლოდ კერძო კომპანიები მონაწილეობენ. მთვარემავალი Beresheet ისრაელის არაკომერციულმა სტარტატმა SpaceIL შექმნა. კოსმოსში აპარატი ფლორიდაში, კანავერალის კონცხზე მდებარე კოსმოდრომიდან ასევე კერძო კომპანიის-Space X-ის მონაწილეობით გაუშვეს. Space X-მა მისიისთვის რაკეტა მატარებელი Falcon 9 გამოიყენა.

ჯერ კიდევ 2007 წელს Google-მა გამოაცხადა კონკურსი Lunar XPRIZE და 30 მილიონ დოლარის გადახდას დაპირდა იმ კერძო კომპანიას, რომელიც სახელმწიფო კოსმოსური პროგრამების დახმარების გარეშე მოახერხებდა მთვარეზე კოსმოსური აპარატის დასმას. კონკურსი 10 წელი გაგრძელდა და მასში სხადასხვა ქვეყნის 29 კომპანია მონაწილეობდა. საბოლოოდ შეირჩა 5 საუკეთესო პროექტი, რომელთაგან ერთ-ერთი SpaceiL-ს ეკუთვნოდა. თუმცა კონკურსის პირობებით გამოყოფილ დროში ხუთეულიდან ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მოახერხა მთვარეზე მისიის გაშვება და Google-ის 30 მილიონი გაუთამაშებელი გახდა.

ამ ფაქტის მიუხედავად ებრაულმა სტარტაპმა პროექტზე მუშაობა მაინც გააგრძელა. კანადელმა მეცენატმა სილვან ადამსმა SpaceiL-ს 5 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ხარჯების ძირითადი ნაწილი კი ებრაელმა მილიარდელმა მორის კანმა აიღო, რომელმაც სტარტაპი 27 მილიონი დოლარით დააფინანსა. საბოლოოდ პროექტი წარმატებით დასრულდა. მთვარემავალი, რომელიც ებრაულმა სტარტაპმა შექმნა, დედამიწის თანამგზავრზე გაგზავნილი ყველაზე პატარა ობიექტია. Beresheet-ის დიამეტრი სულ 1,5 მეტრია, წონა კი 600 კილოგრამი. პროექტის სისტემური ინჟინრის ალექსანდრ ფრიდმანის განცხადებით:

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს არის მთვარის მისიისთვის შექმნილი ყველაზე იაფი კოსმოსური აპარატი. ყველა მსგავს პროექტში მილიარდობით დოლარი დაიხარჯა, ჩვენ კი ეს რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის დაფინანსებით შევძელით.

ისრაელის მისიის სამეცნიერო მხარე მთვარის მაგნიტური ველის გაზომვა, ფოტო და ვიდეო მონაცემების დედამიწაზე გამოგზავნაა. მისიას სიმბოლური დატვირთვაც აქვს. აპარატს დედამიწის თანამგზავრზე ისრაელის დროშა და თორა მიაქვს. გეგმის მიხედვით Beresheet მთვარეზე ორ თვეში უნდა დაეშვას. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები