Thumbnail

იაპონური კოსმოსური ხომალდი ასტეროიდ რიუგუზე დაეშვა

  • იაპონური ხომალდი ასტეროიდზე დაეშვა, რომლის ორბიტაც დედამიწასა და მარსს შორის გადის
  • ასტეროიდიდან აპარატმა გრუნტის ნიმუშები აიღო

იაპონური კოსმოსური სააგენტო JAXA ავრცელებს ინფორმაციას, რომ კოსმოსური აპარატი “ჰაიაბუსა 2” ასტეროიდ რიუგუზე დაეშვა. ზონდი წინასწარ შერჩეულ ადგილას, ასტეროდის ცენტრში დაჯდა. აპარატმა დაშვების შემდეგ ასტეროიდის ზედაპირიდან ნიმუშები აიღო.

კოსმოსური ხომალდი "ჰაიაბუსა2"

აპარატის ასტეროიდზე დაშვება ტექნიკურად რთული მისია იყო. სირთულეს განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ზონდის დედამიწიდან მართვა შეუძლებელი იყო. ასტეროიდი დედამიწიდან 340 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სიგნალის მისვლას აპარატამდე დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, დაჯდომის დროს მანევრირება კოსმოსურმა აპარატმა თვითონ განახორციელა. ზონდი, რომელიც ასტეროიდის ორბიტაზე  2018 წლის ივნისში გავიდა, ობიექტზე ოქტომბერში უნდა დამჯდარიყო. თუმცა რადგან ასტეროიდზე დიდი რაოდენობით ქვებია, აპარატის დასაჯდომად ოპტიმალური ადგილის შერჩევა ვერ მოხერხდა. ასტეროიდის ზედაპირის დეტალურად შესწავლის შემდეგ იაპონიის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა მიაგნეს ადგილს, რომელიც კოსმოსური აპარატის დასაშვებად ხელსაყრელი იყო.

ასტეროიდი რიუგუ

ასტეროიდი რიუგუ ასტრონომებმა 1999 წლის 10 მაისს აღმოაჩინეს. 900 მეტრიანი ასტეროიდისკენ იაპონური კოსმოსური აპარატი “ჰაიაბუსა2” 2014 წლის დეკემბერში გააგზავნეს. მისიის მიზანი ასტეროიდის გრუნტის ნიმუშების შეგროვებაა. მეცნიერებს იმედია აქვთ, რომ ამ ნიმუშების შესწავლა მზის სისტემის ადრეულ პერიოდზე ამ დრომდე უცნობი დეტალების გარკვევაში დაეხმარებათ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები