Thumbnail

მარსმავალი Curiosity “შვებულებაში” გაუშვეს

  • მარსმავალი Curiosity ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით მუშაობას წყვეტს
  • NASA-ში აცხადებენ,რომ აპარატის აქტივობის შეზღუდვა თავის დაზღვევის მიზნით მოხდა 

14 თებერვალს  NASA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარსმავალმა Opportunity-მ მისია დაასრულა. მარსმავალთან კავშირი 2018 წლის ივლისში შეწყდა, როდესაც აპარატი ქვიშის ქარიშხალში მოხვდა. თუმცა წითელ პლანეტაზე კიდევ ერთი მარსმავალი Curiosity იმყოფება. იმ დროს, როდესაც NASA-მ ოფიციალურად დაადასტურა Opportunity-ს მისიის დასრულება, სააგენტო საშიშროების წინაშე დადგა მეორე მარსმავალიც დაეკარგა.

Curiosity-ს მიერ დედამიწაზე მონაცემების გადმოგზავნის დროს სრულიად მოულოდნელად მარსმავალი ავტომატურად გადავიდა ეგრეთ წოდებულ  “უსაფრთხო რეჟიმზე”. “უსაფრთხო რეჟიმიდან” აპარატი ოთხ დღეში გამოიყვანეს. მას შემდეგ Curiosity გამართულად მუშაობდა, 30-ჯერ მოახერხა სხვადასხვა მონაცემების გადმოგზავნა და ამ პროცესში ხარვეზი არ დაფიქსირებულა. თუმცა NASA-ს ინჟინრებმა მანამდე დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემის მიზეზი ამ დრომდე ვერ დაადგინეს. ამიტომაც გადაწყვიტეს ზედმეტი გართულების თავიდან აცილების მიზნით აპარატის აქტივობა შეეზღუდათ. ტექნიკური ხარვეზის დაფიქსირების დროს მარსმავალი წითელ პლანეტის რეგიონ გლენ ტორიდონში იმყოფებოდა და შარპის მთის მიმართულებით მოძრაობდა.

ამ დრომდე ვერ დავადგინეთ თუ რა იყო ტექნიკური ხარვეზის მიზეზი. ამიტომაც ვაგროვებთ სრულ ინფორმაციას, რომ საჭირო ანალიზი გავაკეთოთ. რისკის თავიდან აცილების მიზნით აპარატის აქტიურ ფაზაში მუშაობა დროებით შევაჩერეთ. ვფიქრობთ, რომ პრობლემა სერიოზული არაა და Curiosity მუშაობას მალე გააგრძელებს- აცხადებს NASA-ს წარმომადგენელი სტივენ ლი.

Curiosity-ს მიერ გადაღებული მარსის ფოტო
 

Curiosity კოსმოსში 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს. აპარატი მარსზე კრატერ გეილთან ახლოს 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. მისიის ხანგრძლივობა თავდაპირველად მხოლოდ ორი წელი იყო, თუმცა მარსმავალმა ამ ვადის გასვლის შემდეგაც წითელ პლანეტაზე მუშაობა უპრობლემოდ გააგრძელა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები