Thumbnail

ყველაზე დიდი ელემენტის მქონე ტელეფონი ზაფხულში გამოვა

  • ელემენტის მოცულობა 18000 მილიამპერია
  • ტელეფონი დატენვის გარეშე 1 კვირის განმავლობაში მუშაობს

ბარსელონაში Mobile World Congress 2019 მიმდინარეობს, სადაც კომპანიები უახლეს მობილურ ტექნოლოგიებს წარადგენენ. MWC-ზე დაანონსდა ახალი ტელეფონი, Energizer Power Max P18K Pop, რომელსაც რეკორდული მოცულობის - 18000 მილიამპერიანი ელემენტი აქვს. პრინციპში, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ ელემენტს აქვს ტელეფონი, რადგან მისი სისქე 18 მილიმეტრია. ტელეფონის სისქის უკეთესად წარმოსადგენად გეტყვით, რომ 18 მმ დაახლოებით ერთად აღებულ 3.5 ცალ iPhone-ის სისქეს უდრის. 

ტელეფონის მწარმოებელი გვპირდება, რომ დატენვის გარეშე მისი ელემენტი 1 კვირის განმავლობაში იმუშავებს, განუწყვეტლად ვიდეოს ჩართვის შემთხვევაში კი 48 საათის განმავლობაში. 

ტელეფონს ორი წინა და სამი უკანა კამერა აქვს და ის აღჭურვილია MediaTek პროცესორით, 6GB RAM-ით და 128GB შიდა მეხსიერებით. ტელეფონი ოპერაციულ სისტემა Android 9-ზე მუშაობს. Energizer Power Max P18K Pop-ს სწრაფად დატენვის ფუნქციაც აქვს, რაც მისი რეკორდული მოცულობის ელემენტის ზომის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის - ტელეფონი სრულად 8 საათში იტენება. 
 
მიუხედავად ამისა, The Verge-ის კორესპონდენტი ტელეფონის გამოყენებას არ გვირჩევს - მისი თქმით, ტელეფონი პროგრამულად გაუმართავია და არც ამ ზომის ნივთის ტარება და გამოყენებაა დიდად სასიამოვნო. 
 
Energizer Power Max P18K Pop 2019 წლის ზაფხულში გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები