Thumbnail

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მივიდა

  • Crew Dragon-ის მისიის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა
  • კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ხუთ დღეში დაბრუნდება

Space X-ის კოსმოსურ ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მისაღწევად ერთი დღე დასჭირდა. ხომალდმა სადგურთან მისვლა ავტომატურ რეჟიმში წარმატებით შეძლო. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამი ასტრონავტი: ამერიკელი ენ მაკლეინი, კანადელი დავიდ სენტ-ჟაკი და რუსი ოლეგ კონონენკო იმყოფებიან. ასტრონავტებს ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში შეეძლოთ Crew Dragon-ის მანევრირება თავად განეხორციელებინათ, თუმცა მათი ჩარევა საჭირო არ გახდა. ხომალდმა მისიის პირველი ეტაპი წარმატებით განახორციელა.

ამერიკელი ასტრონავტი ენ მაკლენი Crew Dragon-ის ბორტზე
 

ხომალდის ბორტზე მანეკენი რიპლი და 90 კილოგრამი ტვირთია. Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში პარასკევამდე დარჩება და შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდება. ხომალდის ატმოსფეროში შესვლა  ყველაზე რთულ ეტაპად მიიჩნევა. თუ Crew Dragon-მა ეს ბარიერიც უპრობლემოდ გადალახა, ხომალდი პილოტირებული მისიისთვის მზად იქნება, Space X კი ისტორიაში შევა, როგორც პირველი კერძო კომპანია, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წარმატებული მისია გაუშვა.

Space X-ის დამაარსებელი ილონ მასკი და ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი

უახლოეს პერიოდში NASA Space X-თან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც კერძო კომპანია ვალდებულებას აიღებს ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გადაიყვანოს. პირველი პილოტირებული ფრენა Crew Dragon-მა 2019 წლის ივლისში უნდა შეასრულოს. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  ასტრონავტებს დაგ ჰარლის და ბობ ბენკენს გადაიყვანს.

იხილეთ Crew Dragon-ის ბორტზე ასტრონავტების გადასვლის ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები