Thumbnail

არსებობს თუ არა მეცხრე პლანეტა - დიდი გამოცანა ასტრონომებისთვის

რამდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტრონომებმა განაცხადეს, რომ მზის სისტემაში უნდა იყოს კიდევ ერთი, რიგით მეცხრე პლანეტა. რატომ მივიდნენ ისინი ამ დასკვნამდე? სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ პლუტონის ისტორია.

1930 წლიდან, როდესაც აღმოაჩინეს პლუტონი, მზის სისტემაში 9 პლანეტა ითვლებოდა: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი. მათ გარდა არიან მცირე ზომის პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, მეტეორები. 1990-იანი წლებიდან მცირე პლანეტების რიცხვი საკმაოდ გაიზარდა, მათ შორის ისეთების, რომლებიც დაახლოებით პლუტონისხელაა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი - ერისი - მასზე უფრო დიდიც. ეს იმას ნიშნავდა, რომ პლანეტების რიცხვი მუდმივად უნდა გაზრდილიყო. ამიტომაც, 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა საზოგადოებამ შემოიღო ახალი კლასიფიკაცია და პლუტონი მცირე პლანეტების კატეგორიაში გადავიდა. ამის გამო შეიცვალა პლანეტების რაოდენობა: ამჟამად მზის სისტემაში 8 დიდი პლანეტაა.

1930 წლიდან 2006 წლამდე პლუტონს მზის სისტემის მეცხრე პლანეტის სტატუსი ჰქონდა

მცირე პლანეტები სხვადასხვა ჯგუფებადაა დაყოფილი: ზოგი მარსსა და იუპიტერს შორის იმყოფება, ე.წ. ასტეროიდების სარტყელში, უმეტესობა კი ნეპტუნის ორბიტის გაღმაა. მათ ტრანს-ნეპტუნური ობიექტები ჰქვია. ისინი, თავის მხრივ, სხვადასხვა ქვეჯგუფებად იყოფიან: კოიპერის სარტყელი, ოორტის ღრუბელი და სხვა. ასტრონომები მუდმივად აკვირდებიან ამ სხეულების მოძრაობებს ცაზე და ამის მიხედვით შეუძლიათ დაადგინონ მათი სიჩქარე, ორბიტა, მიახლოებითი ზომა და მასა.

კოიპერის სარტყელი

ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ნეპტუნის ორბიტის იქით ასტრონომებმა 15-მდე პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთაც ერთი თავისებურება ახასიათებთ: მათი ორბიტები ძალზე გაწელილი ოვალური ფორმისაა, თანაც ეს გაწელვა დაახლოებით ერთ მხარესაა მიმართული. ასეთი თანხვედრა შემთხვევითი არ უნდა იყოს - უნდა არსებობდეს რაღაც მიზეზი, რომლის გამოც ისინი ერთ ადგილას არიან თავმოყრილი და ორბიტებიც მსგავსი ფორმისაა.

მეცხრე პლანეტის სავარაუდო ორბიტა

კალიფორნიიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა კონსტანტინ ბატიგინმა და მაიკ ბრაუნმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამ მცირე პლანეტებზე მოქმედებს შორეული ციური სხეულის მიზიდულობის ძალა. სწორედ ამის გამოა ისინი ახლოს ერთმანეთთან და მათი ორბიტები ერთი მიმართულებით გაწელილი.

მაიკ ბრაუნი(მარცხნივ) და კონსტანტინ ბატიგინი

ასტრონომებმა გამოითვალეს ამ სავარაუდო პლანეტის მიახლოებითი მასა, რომელიც აღმოჩნდა დედამიწის მასაზე 5-10-ჯერ დიდი, თუმცა, ამავე დროს ის ურანსა და ნეპტუნზე უფრო მცირეა და 400-500-ჯერ უფრო შორსაა მზიდან, ვიდრე დედამიწა. მეცნიერებმა ამ კვლევაზე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნეს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში და ამ თემამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამ სავარაუდო ციურ სხეულს დაერქვა „მეცხრე პლანეტა“.

მეცხრე პლანეტის სავარაუდო ზომა დედამიწასთან, ნეპტუნთან და ურანთან შედარებით

ასტრონომებმა მაშინათვე დაიწყეს ამ ჰიპოტეტური პლანეტის ძიება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი - 8-მეტრიანი ტელესკოპის საშუალებით, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ეს სხეული მზიდან ძალიან შორსაა - თითქმის 15-ჯერ უფრო შორს, ვიდრე მერვე პლანეტა ნეპტუნი. ამიტომაც ის მეტად მკრთალია და მისი დანახვა უდიდესი ტელესკოპითაც კი ძალზე ძნელია. გარდა ამისა, ცის ის ნაწილი, სადაც მეცხრე პლანეტა სავარაუდოდ უნდა იმყოფებოდეს, საკმაოდ დიდია და ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მისი მხოლოდ 20%-ია შესწავლილი. ეს იმას ჰგავს, მცირე მარცვალი ეძებო უზარმაზარ ქვიშის გროვაში.

ჰავაიზე განლაგებულმა იაპონურმა ტელესკოპმა "სუბარუმ" მეცხრე პლანეტის ძიების დროს არაერთი საინტერესო ობიექტი აღმოაჩინა

დროთა განმავლობაში მეცხრე პლანეტის ძიებაში სხვა დიდი ტელესკოპებიც ჩაერთვებიან და გააგრძელებენ ძებნას. მის აღმოჩენას სავარაუდოდ წლები დასჭირდება.

თავის დროზე სწორედ ასე იპოვეს ნეპტუნი და პლუტონი: ურანსა და შემდგომ ნეპტუნზე დაკვირვებისას მათ მოძრაობებში შეინიშნებოდა გადახრები. ამის გამო ივარაუდეს, რომ მათზე სხვა სხეულების მიზიდულობა მოქმედებდა. დაიწყო მათი ძიება, რის შედეგად 1846 წელს ჯერ ნეპტუნი აღმოაჩინეს, ხოლო 1930 წელს - პლუტონი.

თუ ეს მეცხრე პლანეტა ნამდვილად არსებობს, ჩნდება კითხვა, ის მზის სისტემის ფორმირების დროს ჩამოყალიბდა თუ მზის სისტემამ მიიტაცა სხვა ვარსკვლავიდან.

Celestia-ს პროგრამით მოდელირებული მეცხრე პლანეტა

თუმცა ყველა ასტრონომი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ მეცხრე პლანეტა არსებობს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს შეჯგუფებული სხეულები ცის მხოლოდ მცირე ნაწილში არიან ნაპოვნი და შესაძლოა სხვაგანაც არსებობდნენ. არის სხვა მოსაზრებაც, მაგალითად ის, რომ შესაძლოა არსებობდეს მცირე სხეულების დისკი, რომლის მიზიდულობის ძალა ამ პლანეტებზე იმავე ეფექტს იწვევს. თუმცა ამ იდეებს შორის ყველაზე სარწმუნო ჯერ-ჯერობით მაინც მეცხრე პლანეტის არსებობაა, რომლიც ძიება სულ უფრო ინტენსიურად გრძელდება.

მეცნიერებაში ყოველთვის არის განსხვავებული თეორიები, ჰიპოთეზები, მოსაზრებები. დრო აჩვენებს, რომელი მათგანია სწორი.

კომენტარები

ბოლო ამბები