Thumbnail

Space X-ის ხომალდი Crew Dragon დედამიწაზე დაბრუნდა

  • Crew Dragon-მა მისიის ყველაზე რთული ეტაპი წარმატებით დააასრულა
  • კოსმოსური ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან დაეშვა

კოსმოსური ხომალდი Crew Dragon ატლანტის ოკეანეში კანავერალის კონცხიდან (ფლორიდა) 450 კილომეტრის დაშორებით დაეშვა. Crew Dragon-ს ადგილზე სამაშველო გემი დახვდა. კოსმოსური ხომალდის პარაშუტები წარმატებით გაიხსნა.

სამაშველო გემი GO Searcher, რომელიც Crew Dragon-ს დახვდა

NASA-ს სპეციალისტების შეფასებით კოსმოსური ხომალდის დაბრუნება Crew Dragon-ის გამოცდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო, რადგან ყველაზე სახიფათო ეტაპად სწორედ ხომალდის ატმოსფეროში შესვლა სახელდებოდა. ხომალდის ბორტი, სადაც  მანეკენი რიპლი იმყოფებოდა, სხვადასხვა სენსორებით იყო აღჭურვილი. სპეციალისტები ამ მონაცემების შესწავლას დაიწყებენ და დადებითი შეფასების შემთხვევაში NASA პილოტირებული ფრენის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს.

Crew Dragon-ის გაშვება კოსმოსში კენედის კოსმოსური ცენტრიდან 2019 წლის 2 მარტს

Crew Dragon კოსმოსში კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან 2019 წლის 2 მარტს გაუშვეს. გაშვებიდან 27 საათის შემდეგ ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან მივიდა. ხომალდი ავტომატურ რეჟიმში წარმატებით მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ასტრონავტები ენ მაკლეინი,  დავიდ სენტ-ჟაკი და ოლეგ კონონენკო ხომალდის ბორტზე გადავიდნენ და მათთვის გაგზავნილი კონტეინერი, რომელშიც საკვები იყო მოთავსებული, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გადაიტანეს. 2019 წლის 7 მარტს Crew Dragon დედამიწისკენ გამოემართა.

Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან

Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული ფრენა სავარაუდოდ 2019 წლის ივლისში უნდა განხორციელდეს. ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტებს დაგ ჰარლის და ბობ ბენკენს გადაიყვანს. Space Shuttle-ის პროგრამის დახურვის შემდეგ ამერიკელი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე  რუსული “სოიუზის” რაკეტებს გადაყავდათ. NASA-ს მიზანია რუსულ მხარეზე დამოკიდებული აღარ იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები