Thumbnail

მომავალი პაროლების გარეშე - www consortium-ის ახალი პროტოკოლი

  • "web authentication" ანგარიშის დაცვის ახალ გზებს გულისხმობს
  • პირადი მონაცემების უკანონოდ გავრცელების შემთხვევების 81% სუსტ პაროლებს უკავშირდება

ორგანიზაცია The World Wide Web Consortium-მა, რომელიც ინტერნეტის სტანდარტების შემუშავებასა და დაწესებაზე მუშაობს, დაამტკიცა ვებ ავტორიზაციის ახალი პროტოკოლი "web authentication", რომელმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში ტრადიციული პაროლები სრულად ჩაანაცვლოს. ვებ ავტორიზაციის ახალი სტანდარტი გულისხმობს ანგარიშის დაცვას სხვადასხვა ხელსაწყოებით, მათ შორის USB გასაღებით, სმარტ მოწყობილობებით, თითის ანაბეჭდის და სახის ამომცნობი ტექნოლოგიებით და ა.შ.

WWW კონსორციუმის თქმით, პირადი მონაცემების უკანონოდ გავრცელების შემთხვევათა 81% სუსტი პაროლების გატეხვითაა გამოწვეული, რაც უნდა შეიცვალოს. გაძლიერებული ავტორიზაციის სისტემის შესაქმნელად ორგანიზაცია FIDO Alliance-თან თანამშრომლობს, რომლის მისია “მსოფლიოში პაროლებზე დამოკიდებულების აუცილებლობის შემცირებაა”.

ახალი პროტოკოლის დამტკიცება გულისხმობს, რომ უახლოეს მომავალში სულ უფრო მეტ საიტს ექნება "web authentication"-ის მხარდაჭერა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, საიტზე ავტორიზაცია ტრადიციული პაროლის გარეშე, USB გასაღებით, ბიომეტრიული ამოცნობის და სხვა გზებით გაიაროს, რაც პაროლებისგან თავისუფალი, შესაბამისად უფრო დაცული ვებ სამყაროსკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ასევე ნახეთ: 2018 წლის ყველაზე ცუდი პაროლები დასახელდა

კომენტარები

ბოლო ამბები