Thumbnail

Boeing 737 Max 8-ს ფრენები ოთხმა ქვეყანამ შეაჩერა

  • ეთიოპიამ და სამმა აზიურმა სახელმწიფომ Boeing 737 Max 8-ს ფრენები შეაჩერეს
  • აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოითხოვა

სინგაპურმა Boeing 737 Max 8-ს ფრენები საჰაერო სივრცეში დროებით შეაჩერა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთმა, ინდონეზიამ და ეთიოპიამ. Boeing 737 Max 8-ს ფრენები ასევე შეაჩერეს ცალკეულმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის არგენტინულმა Aerolineas, მექსიკურმა Aeromexico და ბრაზილიურმა Gol-მა.

2019 წლის 10 მარტს Ethiopia Airlines-ის  Boeing 737 Max 8, რომელიც რეისს ნაირობის მიმართულებით ასრულებდა, ეთიოპიის დედაქალაქიდან 60 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 157 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევააა, როდესაც ამ ტიპის თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის. 2018 წელს Boeing 737 Max 8-მ, რომელიც ინდონეზიურ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა, კატასტროფა ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ განიცადა.

შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოში აცხადებენ, რომ ჯერ არ აქვთ საფუძველი Boeing 737 Max 8-ს ფრენები შეაჩერონ. თუმცა სამმართველომ Boeing-ს თვითმფრინავის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მოსთხოვა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიალაინერის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება უახლოეს პერიოდში მოხდება.

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ კატასტროფის მიზეზების დასადგენად. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გამოძიებასთან და მარეგულირებელ ორგანოებთან- ნათქვამია Boeing-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ევროკავშირი Boeing 737 Max 8-ს ფრენების შეჩერებას ამ ეტაპზე არ აპირებს. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკულ მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები