Thumbnail

ჯიხვებს ლაგოდეხის ნაკრძალში GPS-ით დააკვირდებიან

  • პირველად კავკასიაში ჯიხვების GPS კვლევა დაიწყო
  • GPS  საყელურს 6 აღმოსავლეთკავკასიურ ჯიხვს დაამაგრებენ

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე GPS საყელურით პირველი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მონიშნეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია GPS საყელურის ექვს ჯიხვზე დამაგრება. საყელურს ორი წლის სამუშაო რესურსი გააჩნია და ინფორმაციას სატელიტური თანამგზავრების მეშვეობით გადმოსცემს. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი სულამანიძის განცხადებით:

„ჯიხვის ტელეომეტრიული კვლევა დაგვეხმარება შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მოვაგროვოთ ჯიხვის პოპულაციისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჯიხვის ჰაბიტატის გამოყენების ასპექტები, ინდივიდუალური ტერიტორიის ზომა, დღე - ღამური და სეზონური გადაადგილების და მიგრაციისა თავისებურება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია პოპულაციის რიცხოვნობის, დინამიკის დადგენა, პოპულაციაზე მოქმედი საფრთხეების შეფასება. ტელემეტრია ასევე დაგვეხმარება შევაფასოთ ტურიზმისა და ძოვების ზეგავლენა ჯიხვის პოპულაციაზე. მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაუმჯობესდება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვა.“

პროექტს ფინანსური მხარდამჭერია კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო სამხრეთ კავკასიაში (TJS), ხოლო განხორციელებაში ჩართულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის საქართველოს ტერიტორიაზე დიდი კავკასიონის მაღალმთიან ნაწილში მთა შხარას აღმოსავლეთიდან ლაგოდეხის ნაკრძალამდე მონაკვეთში მდებარეობს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ენდემური ცხოველის რაოდენობა საქართველოში მუდმივად მცირდებოდა. ჯიხვის პოპულაციის შემცირების ძირითადი მიზეზი ბრაკონიერობაა. ამჟამად აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი საქართველოში ძირითადად  დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს. ამ სახეობის ჯიხვის ყველაზე დიდი პოპულაცია ყაზბეგის და თუშეთის ეროვნულ პარკებში, ასევე ლაგოდეხის ნაკრძალაში არსებობს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები