Thumbnail

ტიმ ბერნერს-ლი: ინტერნეტის გარდაქმნა აუცილებელია

  • World Wide Web-ის შემქმნელი აცხადებს, რომ ინტერნეტი არასწორად ვითარდება
  • ტიმ ბერნერს-ლი ახალ პლატფორმა Solid-ზე მუშაობს

ტიმ ბერნერს-ლი, ინგლისელი მეცნიერია, რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ რესურსების ადრესაციის სისტემა. World Wide Web-ის შემქმნელი ჟურნალმა Time-მა მეოცე საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა. განსაკუთრებული დამსახურებისთვის დედოფალმა  ელისაბედ II -მ ბერნერს-ლის რაინდის ტიტული მიანიჭა.

ტიმ ბერნერს-ლის რაინდის ტიტული 2004 წელს მიანიჭეს

ზუსტად 30 წლის, 1989 წელს ინგლისელმა მეცნიერმა CERN-ში მუშაობის დროს, გლობალური ჰიპერტექსტური პროექტის შექმნის იდეა წამოაყენა. ბერნერს-ლიმ მსოფლიოში პირველი საიტი 1991 წლის 6 აგვისტოს შექმნა. მისი მისამართია http://info.cern.ch/. დღესდღეობით ინგლისელი მეცნიერი World Wide Web Consortium-ის დირექტორია, რომელიც თვალს ადევნებს  World Wide Web-ის განვითარებას. ტიმ ბერნერს-ლი ოქსფორდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორია.

კომპიუტერი, რომელსაც ტიმ ბერნერს-ლი CERN-ში World Wide Web-ის შესაქმნელად იყენებდა
ტიმ ბერნერს-ლი CERN-ში

მისი უნიკალური გამოგონების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ინგლისელმა მეცნიერმა სხვადასხვა გამოცემებს ინტერვიუ მისცა, სადაც ინტერნეტის განვითარებაზე და მის მომავალზე ისაუბრა. ბერნერს-ლიმ მანამდეც არაერთხელ აღნიშნა, რომ ინტერნეტი მისთვის იმედგაცრუებად გადაიქცა. Financial Times-თან ინტერვიუში მეცნიერმა თავისი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ბერნერს-ლის შეფასებით, ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება ადამიანების საზიანოდ. ის აძლიერებს უთანასწორობას და უსამართლობას. ინგლისელი მეცნიერის განცხადებით, მისმა გამოგონებამ მსოფლიო მართლაც შეცვალა, ადამიანების ცხოვრება გააუმჯობესა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს სისტემა უკვე ხარვეზებით მუშაობს.

სრულიად აშკარაა, რომ ხდება ადამიანებით მანიპულირება მათი ინტერესების საზიანოდ. დემოკრატიის საფუძვლები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა - აცხადებს ინგლისელი მეცნიერი.

ტიმ ბერნერს-ლი CERN-ში World Wide Web-ის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

ბერნერს-ლი ინტერნეტის გარდაქმნის იდეით გამოდის. 2015 წლიდან მოყოლებული ინგლისელი მეცნიერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებთან ერთად პლატფორმა Solid-ზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი მიზანია მომხმარებელმა პერსონალური მონაცემების კონტროლი სრულად შეინარჩუნოს. ბერნერს-ლი ტექნოლოგიურ ბაზარზე არსებულ ისეთ გიგანტებთან კონკურენციას გეგმავს, როგორიცაა Google და Facebook. 63 წლის მეცნიერი ფიქრობს,  პროექტი რთულია, მაგრამ მისი განხორციელება შესაძლებელია. მისი აზრით Solid შესაძლებელია იყოს პროექტი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს:  მომხმარებლები თავის მონაცემებს თავისუფლად განკარგავენ, კომპანიები მხოლოდ პროდუქციას გაყიდიან და კლიენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოდ შენახვის პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

ინგლისელი მეცნიერი პლატფორმა Solid-ზე 2015 წლიდან მუშაობს

2019 წლის მაისში ტიმ ბერნერს-ლი “ქსელის კოდექსს” გამოუშვებს, რომლის წინასწარ ვერსიას უკვე მხარი დაუჭირა საფრანგეთის მთავრობამ, ასევე 50-მდე ორგანიზაციამ, მათ შორის Facebook-მა და Google-მა. 1989 წელს ინგლისელმა მეცნიერმა თავისი გამოგონებით სამყარო რადიკალურად შეცვალა. ბერნერს-ლის იმედი აქვს,რომ ახალი იდეებით ინტერნეტ სივრცეს პოზიტიურ იმპულსს შემატებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები