Thumbnail

ისრაელის კოსმოსური აპარატი მთვარეს მიუახლოვდა

  • კოსმოსურმა აპარატმა Beresheet მთვარეზე დაშვებამდე ბოლო მანევრი განახორციელა
  • Beresheet დედამიწის თანამგზავრზე 11 აპრილს უნდა დაეშვას

კოსმოსური აპარატი Beresheet, რომელიც კანავერალის კონცხის კოსმოდრომიდან 2019 წლის 22 თებერვალს გაუშვეს, მთვარეს მიუახლოვდა. აპარატმა მეოთხე და საბოლოო მანევრი განახორციელა დედამიწის თანამგზავრზე დაშვებამდე. ინფორმაცია ამის შესახებ პორტალ Space.com-ს Israel Aerospace Industries წარმომადგენელმა ოფერ დორონმა მიაწოდა. მანამდე აპარატს მცირე ხარვეზების გამო მთავარი კომპიუტერის გადატვირთვა დასჭირდა, რის შემდეგაც Beresheet-მა სამი წარმატებული მანევრი განახორციელა.

 

მეოთხე მანევრი, რომლის დროსაც კურსის კორექტირება მოხდა, საბოლოოა. მანევრის განხორციელებისას 60 წამის განმავლობაში ძრავის გამორთვა დაგვჭირდა.  შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა და  დედამიწის თანამგზავრს მივუახლოვდით - ოფერ დორონი.

აპარატი მთვარის ორბიტაზე 4 აპრილს უნდა გავიდეს. Beresheet დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე 11 აპრილს დაეშვება. მისიის წარმატების შემთხვევაში ისრაელი საბჭოთა კავშირის, შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ მეოთხე სახელმწიფო იქნება, რომლის კოსმოსური აპარატიც მთვარის ზედაპირზე დაჯდება. კოსმოსურ ხომალდს მთვარეზე "დროის კაფსულა" მიაქვს, რომელიც "ადამიანთა კოლექტიურ ცოდნას" იტევს.

პროექტში მხოლოდ კერძო კომპანიები მონაწილეობენ. მთვარემავალი Beresheet ისრაელის არაკომერციულმა სტარტატმა SpaceIL შექმნა. კოსმოსში აპარატი ასევე კერძო კომპანიის-Space X-ის მონაწილეობით გაუშვეს.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები