Thumbnail

ფეისბუქის მილიონობით მომხმარებლის პაროლები კომპანიის შიგნით გავრცელდა

  • Facebook-ის თქმით გავრცელებული პაროლები “ბოროტად არ გამოუყენებიათ”
  • ხარვეზი ძირითადად Facebook Lite-ის მომხმარებლებს შეეხოთ

მილიონობით მომხმარებლის პაროლები Facebook-ის 20 000-მდე თანამშრომლისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ინფორმაციას მონაცემთა უსაფრთხოების მკვლევარი ბრაიან კრებსი ავრცელებს, რომელმაც ერთ დოკუმენტში გაერთიანებული 600 მილიონი პაროლი აღმოაჩინა. მისი თქმით, პაროლები 2012 წელს გავრცელდა. 

ბრაიან კრებსი თვლის, რომ Facebook-ს მონაცემთა დაცულობის საკითხში ჩავარდნები აქვს. კომპანია პაროლების გავრცელების ფაქტს არ უარყოფს, თუმცა Facebook-ის თანამშრომლის თქმით, შიდა გამოძიება ჩაატარეს და ვერ მიაკვლიეს აღნიშნული ინფორმაციის ბოროტად გამოყენების შემთხვევებს. Facebook-მა განცხადება ოფიციალურადაც გაავრცელა, რომლის თანახმად კომპანიის შიდა ქსელში პაროლები “მცირე ხარვეზის” შედეგად გავრცელდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღმოფხვრილია.

ხარვეზი უმეტესწილად შეეხოთ მომხმარებლებს, რომლებიც Facebook Lite-ს იყენებენ. აღნიშნული აპლიკაცია Facebook-ის სტანდარტული აპლიკაციის მსგავსია, თუმცა მას ძირითადად ისეთ ქვეყნებში იყენებენ, სადაც ინტერნეტ კავშირი ნაკლებად გამართულია. 

ეს Facebook-ის მხრიდან მომხმარებელთა პირადი მონაცემების გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის სექტემბერში ტექნიკური ხარვეზის გამო 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა, გასული წლის დასაწყისში კი მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია კომპანია Cambridge Analytica-ს უკანონოდ ჩაუვარდა ხელში. 

კომენტარები

ბოლო ამბები