Thumbnail

NASA-მ ახალი მარსმავალის გამოცდა დაიწყო

  • NASA-ს ლაბორატორიაში ახალი მარსმავალის პირველი სიმულაციური გამოცდა დასრულდა
  • აპარატის კოსმოსში გაშვება 2020 წლის ზაფხულში იგეგმება

Mars 2020 აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სამმართველოს (NASA) პროექტია, რომლის განხორციელებაც 2020 წლის ზაფხულში იგეგმება. მარსმავალი განსაზღვრულია წითელი პლანეტის ასტრობიოლოგიური კვლევისათვის. მან უნდა შეისწავლოს მარსის ზედაპირი, გეოლოგიური პროცესები და ეცადოს გაარკვიოს რამდენად იყოს შესაძლებელი წარსულში პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა.

მარსმავალი კრატერ ჯეზეროსთან უნდა დაეშვას. NASA-ს გუნდის შეფასებით ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული მისია. დაშვების პროცესში აპარატის მართვა ავტონომიურ რეჟიმში განხორციელდება. NASA-ს სპეციალისტები ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. იმისათვის, რომ მარსმავალი პლანეტის ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვას, აპარატის კომპიუტერს 27 ათასი სხვადასხვა ოპერაციის და გათვლის შესრულება მოუწევს.

აპარატის მისიისთვის მოსამზადებლად NASA-ს ერთ-ერთ ლაბორატორიაში მარსმავალის დაშვების სიმულაციური გამოცდა დაიწყეს. პირველი ტესტის დროს (ST1) ინჟინრები ორი კვირის განმავლობაში აპარატის ელექტრო სისტემებს რთავდნენ და მის პროგრამულ უზრუნველყოფას მოდელირებულ სიტუაციებში ამოწმებდნენ. პირველი ტესტი მარსმავალმა წარმატებით გაიარა. აპარატის კოსმოსში გაშვებამდე NASA-ს სპეციალისტები კიდევ რამდენიმე სიმულაციურ გამოცდას ჩაატარებენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები