Thumbnail

ნორვეგია ელექტრომობილების გაყიდვით ახალ რეკორდს ამყარებს

  • ნორვეგიაში გასულ თვეში გაყიდული ავტომობილების 58 % ელექტრომობილებზე მოდიოდა
  • ქვეყნის მთავრობამ ელექტრომობილების მფლობელებისთვის სხვადასხვა შეღავათები დააწესა

ნორვეგია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც  უფრო მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე შიდა წვის ძრავით აღჭურვილი ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილი. 2019 წლის მარტში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების 58 % ელექტრომობილებზე მოდიოდა. ნორვეგიის  ელექტროტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელის კრისტინა ბეს შეფასებით:

ნორვეგია  მსოფლიოს აჩვენებს, რომ ელექტრომობილმა შეიძლება ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილი ჩაანაცვლოს. ნახშირორჟანგის (CO2) კონცენტრაციამ დედამიწაზე ბოლო წლების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამ პროცესის შეჩერება აუცილებელია და ამისათვის ყველამ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ.

ნორვეგია მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების ათეულში შედის. სკანდინავიურ სახელმწიფოს ნავთობის დიდი მარაგიც გააჩნია. თუმცა ქვეყნის ხელისუფლების სტრატეგიული პოლიტიკა ტექნოლოგიების განვითარებაზე და ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გადასვლაზეა მიმართული.

რიგითი ნორვეგიელისთვის დღეს ელექტრომობილის შეძენა უფრო მომგებიანია, ვიდრე ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილის. ქვეყნის მთავრობამ ელექტრომობილების მყიდველებისთვის შეღავათების სისტემის მხარდაჭერის მიზნით 2018 წელს ერთი მილიარდი დოლარი გამოყო: გააუქმა საბაჟო გადასახადები იმპორტირებულ ელექტრომობილებზე, ასევე უფასოა გახადა ელექტრომობილების რეგისტრაცია.

ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ ქვეყანაში უფასოდ ისარგებლონ საზღვაო ტრანსპორტით, მაგალითად ბორანით და ქალაქში პიკის საათის დროს გამოიყენონ ავტობუსებისთვის განკუთვნილი ხაზი. ელექტრომობილები  უფასოდ გადაადგილდებიან ფასიან საავტომობილო გზებზეც.

 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები