Thumbnail

ამერიკული სტარტაპი ზებგერითი თვითმფრინავის პროექტზე მუშაობს

  • Boom Technology ზებგერითი თვითმფრინავის პროექტზე 5 წელია მუშაობს
  • კომპანიამ თვითმფრინავზე წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღო

ამერიკული სტარტაპი Boom Technology 2014 წელს დენვერში (კოლორადოს შტატი) შეიქმნა. კომპანიის მიზანია ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავის შექმნა. 2016 წლის დასაწყისში სტარტაპს უკვე ჰქონდა თვითმფრინავის კონცეფტუალური მონახაზი. სამოქალაქო ავიაციიისთვის ზებგერითი თვითმფრინავების შექმნაზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობს. Boom Technology-ის ხელმძღვანელ ბლეიქ შოლს იმედი აქვს, რომ კონკურენტებს დაასწრებს.

Overture - ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავია, რომლის სიგრძე 52 მეტრი იქნება. ავიალაინერი 55 მგზავრის გადაყვანაზეა განსაზღვრული. პროტოტიპი General Electric-ის სამი ტურბორეაქტიული ძრავით უნდა აღიჭურვოს.Overture ბრიტანულ-ფრანგული წარმოების კონკორდთან შედარებით უფრო მცირე ზომისაა. ამის გამო თვითმფრინავს ნაკლები საწვავი დასჭირდება და ექსპლუატაციაც უფრო იაფი დაჯდება. ზებგერითი თვითმფრინავი ტრანსატლანტიკური რეისებისთვისაა განსაზღვრული.  Boom Technology-ში აცხადებენ, ლონდონიდან ნიუ იორკამდე მანძილს ავიალაინერი 3 საათში დაფარავს.

ამერიკული სტარტაპის პროექტით უკვე დაინტერესდნენ დიდი კომპანიები. Virgin Group-მა თვითმფრინავზე, რომელიც ჯერ შექმნილი არ არის, 10 წინასწარი შეკვეთა გააფორმა, Japan Airlines-მა კი Boom Technology-ს 20 ავიალაინერი დაუკვეთა და პროექტში გარკვეული ინვესტიციაც ჩადო.

პროექტის განსახორციელებლად Boom Technology-ს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი სჭირდება. სტარტაპის დირექტორის შეფასებით, ზებგერითი თვითმფრინავებზე მოთხოვნა გაიზრდება და ამ ტიპის ავიალაინერები ავიაციის ინდუსტრიას მთლიანად შეცვლიან.

სამოქალაქო ავიაციაში ამ დრომდე მხოლოდ ორი ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი გამოიყენებოდა. ბრიტანულ-ფრანგული კონკორდი რეისებს 1976 წლიდან 2003 წლამდე ასრულებდა, საბჭოთა  ტუ-144 კი 1975-დან 1999 წლამდე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები